აშშ-ის საელჩოს განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, გასულ კვირას ქართულმა ოცნებამ მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა. ამის შესახებ საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც მმართველი გუნდი საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების გამოც გააკრიტიკა.

"ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა. საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე", — ვკითხულობთ განცხადებაში.

საელჩო განსაკუთრებით შემაშფოთებელს უწოდებს ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე გამჭვირვალე განხილვისა და ანალიზის ნაკლებობას. მათი განცხადებით, განზრახ თუ უნებლიეთ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით.

"შეერთებული შტატები ყოველ დღე უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და სტაბილურობას ხანგრძლივი უსაფრთხოების თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამების მეშვეობით. ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან.

ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს", — აღნიშნულია განცხადებაში.

პარლამენტმა ქართული ოცნების ინიცირებულ კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაზე 81 მომხრე და 7 წინააღდეგი იყო.

კანონპროექტის მიხედვით, უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სამსახური. მის მაგივრად იქმნება ორი — სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები. კანონის პროექტით განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსი, მისი საქმიანობის პრინციპები, უფლებამოსილებები, უფროსის არჩევისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესები და სხვა საკითხები.

ასევე, კანონით განისაზღვრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტების თანამშრომლების ახალ უწყებებში ავტომატურად დასაქმების საკითხი.

კანონის მიღების შეჩერება მოითხოვა ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, გაერომ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტარებმა, ამერიკის ელჩმა. ყველა მათგანმა მიუთითა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის დაშლა ასეთი დაჩქარებული წესით, გაუმჭვირვალედ, იყო მიუღებელი და ამ კანონის მიღება უნდა დაფუძნებოდა ფართო დისკუსიებს, ღია და ღრმა განხილვებს, მათ შორის ამ დისკუსიებში პირველ რიგში ჩართული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რეფორმა უნდა განხორციელებულიყო ფრთხილად და თანამდებობის პირების მიმართ მსგავსი მსუსხავი ეფექტის თავიდან არიდების გზით. ასევე მიუთითეს, რომ ეს პროცესი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და ძირს უთხრის სამსახურის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მუშაობის დაწყებიდან დღემდე არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულმა დასკვნამ გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია.

უწყებამ კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ, 19 დეკემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის დასკვნას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის უფლებები არ შელახულა და როცა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა პრეზიდენტი იხილეს ასეთ მდგომარეობაში, სააკაშვილი ადამიანებმა მანამდეც ნახეს "სახურავზე კარლსონივით" და "თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცავი".

გარდა ამისა, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტიც. კენჭისყრაზე 81 მომხრე და 7 წინააღმდეგი იყო.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც წინასაახალწლო პერიოდში, 22 დეკემებერს, დააინიცირეს დეპუტატებმა — გურამ მაჭარაშვილმა, რატი იონათამიშვილმა, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა და ალექსანდრე ტაბატაძემ.