რუსეთი ყაზახეთში 45-ე საჰაერო სადესანტო სპეცდანიშნულების ბრიგადას გზავნის, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს რუსული არმია ერთ-ერთი ყველაზე ელიტური ქვედანაყოფია და 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ოპერაციაშიც იღებდა მონაწილეობას. ასევე, სირიის ომსა და ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებში.

ყაზახეთში კვლავ დაძაბულობაა. საწვავის ფასის ზრდის გამო 4 იანვარს დაწყებული მასობრივი აქციების შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა დაპირისპირება არ შეწყვეტილა. მოქალაქეები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დემონსტრანტებმა აიღეს ალტანის აეროპორტი და ჩამოაგდეს ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი. მოგვიანებით, აეროპორტზე კონტროლი სამთავრობო ძალებმა აიღო. მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშული იყო, როგორც მობილური, ასევე ხაზის ინტერნეტი და დაბლოკილია რამდენიმე აპლიკაცია. ინტერნეტი ქალაქების ნაწილში აღდგა.

მოქმედმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა დემონსტრანტებს ხულიგნები უწოდა, ძალადობასა და მაღაზიების ძარცვაში დაადანაშაულა. "სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვისა და ძალოვანი სტრუქტურების დახმარების" მიზეზით ტოყაევმა მხარდაჭერა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას, იგივე ОДКБ-ს სთხოვა. ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდნენ რუსული ჯარებიც, მათ შორის, BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ყაზახეთში 45-ე საჰაერო სადესანტო სპეცდანიშნულების ბრიგადა გაგზავნა, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა.

7 იანვარს ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში "ანტიტერორისტული" ოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც "ბოევიკების სრულ განადგურებამდე" გაგრძელდება. მისივე თქმით, სამართალდამცავებს და არმიას მისცა ბრძანება, რომ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გახსნან.