კანადელი ინფლუენსერების ჯგუფს, რომელიც თავისი ქვეყნიდან მექსიკაში მიფრინავდა, ავიაკომპანიები შინ დაბრუნებაზე უარს ეუბნებიან. როგორც ცნობილია, ჯგუფმა თვითმფრინავში ყოფნისას წვეულება მოაწყო, სადაც უპირბადო მგზავრებმა დალიეს და იცეკვეს.

წვეულებაზე გადაღებული ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. მათში ჩანს, რომ მგზავრები უმეტესად სატელევიზიო რეალითი შოუს ვარსკვლავები და სოციალური მედიის ინფლუენსერები იყვნენ. კანადური მედიგამოცემის ცნობით, წვეულების მონაწილეები ისე ხმაურობდნენ, რომ ბორტგამცილებლები მათთვის თავის არიდებას ყველანაირად ცდილობდნენ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორი, ჯეიმს უილიამ ავადი ამბობს, კანადაში ჯგუფის დაბრუნებაზე უარი თქვა ავიაკომპანია Sunwing-მა, რომლის თვითმფრინავითაც ისინი მექსიკაში გაემგზავრნენ. მომსახურებაზე ჯგუფს უარი განუცხადა კიდევ ორმა კანადურმა ავიაკომპანიამ და მიზეზად თავიანთი თანამშრომლებისა და სხვა მგზავრების უსაფრთხოება დაასახელეს.

Sunwing-ის წარმომადგენლის თქმით, მათი და ჯგუფის მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, რადგან მგზავრებმა წარდგენილი წესების შესრულებაზე უარი თქვეს. თავის მხრივ, ჯგუფი ამბობს, რომ ისინი ყველა პირობას დაეთანხმნენ, გარდა იმისა, რომ ხუთსაათიანი ფრენისას ვერ ისადილებდნენ. მოგვიანებით, ავადმა თავისი ნათქვამი შეცვალა და განაცხადა, რომ კვების არქონის გამო ფრენაზე უარი არ უთქვამს.

მექსიკაში მოგზაურობა ავადის ორგანიზებული იყო. მას ერთგვარი დახურული ორგანიზაცია აქვს, რომელიც წევრებს მხოლოდ მიწვევით იღებს. ორგანიზატორის თქმით, ეს პროექტი მისთვის პირველი იყო და განხორციელებას გულისყურით მიუდგა, ბორტზე მყოფ ყველა მგზავრს კი ფრენამდე კორონავირუსის ტესტი გაუკეთდა. ავადის თქმით, ეს გამოცდილება და შეცდომა მისთვის გაკვეთილი იყო.

თუმცა, "შეცდომას" სულ სხვაგვარად უყურებენ კანადაში, სადაც ეპიდსიტუაციის სამართავად საგანგებოდ შემუშავებული წესები არსებობს. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ, თვითმფრინავში წვეულების მომწყობებს "იდიოტები" უწოდა, ხოლოს გავრცელებულ ვიდეოებს — "სახეში სილის გაწვნა". ტრუდომ კანადის სატრანსპორტო კომპანიასთან ერთად შემთხვევის გამოძიებაც მოითხოვა.

სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით კი, თითოეული წესის დარღვევისთვის ყველა დამნაშავე $3 938-ით შეიძლება დაჯარიმდეს.

გარდა ამისა, ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც უძრავი ქონების აგენტია, შემთხვევის გამო სამსახურიდანაც დაითხოვეს.