წალენჯიხის საკრებულოში უკვე მეოთხედ ვერ შეთანხმდნენ თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირების არჩევაზე და კენჭისყრა არ შედგა. თავმჯდომარედ პარტია საქართველოსთვის წევრი გონერ კვარაცხელია უნდა დანიშნულიყო, თუმცა საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებთან სხვა თანამდებობის განაწილებაზე ვერ შეთანხმდნენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, გახარიას პარტიის მიერ წარმოდგენილი ფორმატი მათთვის მიუღებელი იყო, რადგან პარტია ლელოს ერთადერთი წევრი თანამდებობის გარეშე რჩებოდა.

"ისეთი სტრუქტურა წარმოადგინა გახარიას პარტიამ, რომელიც სრულად მიუღებელია. ჩვენ ვართ ჩხოროწყუს მოდელზე ორიენტირებულები, ჩხოროწყუს მოდელი გულისხმობს ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანებას. წალენჯიხის საკრებულოში ასეთია 15 დეპუტატი 27-დან. ასე რომ ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ პარტია საქართველოსთვის კანდიდატურას, იმ შემთხვევაში თუ ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნას და არცერთი თანამდებობა არ ექნება ქართულ ოცნებას", — თქვა საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან.

საკრებულოს სხდომაზე წარადგინეს ახალი გადანაწილება. როგორც გახარიას პარტიის წევრი ამბობს, ეს შეთავაზება მათთვის მიუღებელი არ არის და მასზე იმსჯელებენ.

"ჩვენი ერთი ვარიანტი შევთავაზეთ, თანამდებობების გადანაწილება მიღებული მანდატების პროპორციულად. 27 მანდატია, 9 თანამდებობაა, პროპორციულად რომ ვიანგარიშოთ 3 საკრებულოს წევრზე მოდის ერთი თანამდებობა, აქედან გამომდინარე იმ ვარიანტში ლელო არ ჩაჯდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ვარიანტს არ განვიხილავთ. ლელოს დღევანდელი შემოთავაზება მიუღებელი არ არის განვიხილავთ და შევჯერდებით", — თქვა პარტია საქაართველოსთვის წევრმა.

რაც შეეხება ჩხოროწყუს მოდელს, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე პარტია საქართველოსთვის წევრი შოთა წურწუმია გახდა. სხვა თანამდებობებზე კი ოპოზიციონერი წევრები აირჩიეს.