პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა, თუმცა მისი თქმით, ეს საკანონმდებლო ცვლილებები აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს.

"უნდა ითქვას, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. თუმცა ამ ცვლილებების მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიმაჩნია. აღნიშნულის მიუხედავად, ამ შემთხვევაშიც დგას საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია ამ ცვლილებებით მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება. მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ზედიზედ მეორედ არჩევა/დანიშვნის დაშვება აჩენს კითხვას, თუ რამდენად აამაღლებს ეს შესაძლებლობა საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის ხარისხს ან დაეხმარება კადრების განახლების პროცესს", — ამბობს ის.

პრეზიდენტის განცხადებით, კითხვები ჩნდება სხვა ცვლილებებთან მიმართებითაც, თუმცა ის ეჭვების საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

"ასეთივე კითხვები ჩნდება სხვა ცვლილებებთან მიმართებითაც. თუმცა პრეზიდენტი ეჭვების საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. სამაგიეროდ, მინდა გავაფრთხილო საკანონმდებლო ორგანო იმ რისკების შესახებ, რომლებსაც შეიცავს კანონის ახალი რედაქცია და შევახსენო, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ჩვენი დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია, ასევე, მინდა დავარწმუნო ყველა იმაში, რომ ვიქნები დიდი ყურადღებით კანონის აღსრულების პროცესის მიმართ", — თქვა ზურაბიშვილმა.

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით 30 დეკემბერს დაამტკიცა.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც წინასაახალწლო პერიოდში, 22 დეკემებერს, დააინიცირეს დეპუტატებმა — გურამ მაჭარაშვილმა, რატი იონათამიშვილმა, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა და ალექსანდრე ტაბატაძემ.

კანონპროექტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონის 11 მუხლში ცვლილებას ითვალისწინებს და ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს და დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურებს. კონკრეტულად, კანონის 35-ე მუხლს, რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის წესს ეხება, ემატება მე-13 პრიმა პუნქტი, რომლის მიხედვით, თუ მოსამართლეობის კანდიდატი კონკრეტულ კონკურსში ვერ დააგროვებს ხმების საკმარის რაოდენობას, საბჭოს მინიმუმ 3 წევრს ექნება უფლება იგივე კანდიდატი სხვა თანამდებობის შესარჩევ კონკურსში განიხილოს.