ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის, თენგიზ თევზაძის განცხადებით, არ შეიძლება, რომ 2032 წელს ნათელა ბებო ათი საათის განმავლობაში ითვლიდეს 300 ბიულეტენს. ამის შესახებ მან ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გასაუბრებისას თქვა.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესი მოხალისეობაზე, პასუხისმგებლობასა და ტექნოლოგიების გამოყენებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. თევზაძე ამბობს, რომ საარჩევნო პროცესს, სადაც მხოლოდ მატერიალური და ადამიანების მობილიზების გაზრდის ინტერესი იქნება, მომავალი არ აქვს და ასეთ შემთხვევაში, არჩევნების მიმართ "კითხვის ნიშნები" ყოველთვის იარსებებს.

"არჩევნების პროცესში ჩართული მატერიალური ინტერესი და მობილიზება ადამიანების ეს აუცილებლად უნდა გავწიოთ გვერდით და უნდა დავიწყოთ საუბარი იმაზე, რომ ადამიანები იყვნენ პასუხისმგებლობით აღჭურვილები. ამისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს შესაბამისი საინფორმაციო კამპანია და მეორე, ეს უნდა იყოს დაფუძნებული მოხალისეობაზე.

მე ვიქნები თუ არა თქვენი მხრიდან შერჩეული, მე გავაგრძელებ ამ საკითხებთან დაკავშირებით ბრძოლას, იმიტომ, რომ მომავალი ეკუთვნის ამას. არ შეიძლება 2032 წელს ნათელა ბებო ათი საათი ითვლიდეს 300 ბიულეტენს, თუ ამის მომხრეა ვინმე, ის საფრთხეა, ჩემი აზრით, დემოკრატიული საზოგადოების წეს-წყობილების დამკვიდრებისა საქართველოში", — განაცხადა მან.

თენგიზ თევზაძე ამჟამად სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორია.

ამ წუთებში ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. თავმჯდომარეობის შესარჩევ კონკურსში 4, ხოლო წევრობაზე 7 კანდიდატია დარეგისტრირებული.

ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი 28 დეკემბერს გამოცხადდა. ამის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა. ცესკოს მოქმედ თავმჯდომარესა და ცესკოს ორ წევრს უფლებამოსილების ვადა თებერვალში გასდით.

17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი შეიცვალა. უფრო ზუსტად, გამარტივდა არჩევის პროცედურა