სახელმწიფო აუდიტის სამსახური ინფორმაციით, 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 6 მოლარე-კონსულტანტს უხდიდა ხელფასს, თუმცა სალაროები არ ფუნქციონირებდა.

"2020 წელს ა(ა)იპ − ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში დასაქმებული იყო 6 მოლარე-კონსულტანტი, რომელთა ხელფასებზე დაიხარჯა 50,3 ათასი ლარი. აუდიტის ჯგუფის მიერ ბოტანიკური ბაღის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხელფასები გაიცემა პირებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები არ არის შესრულებადი", — აღნიშნულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიშში, რომელიც 14 იანვარს გამოქვეყნდა.

ტელეკომპანია ფორმულა ესაუბრა ბოტანიკური ბაღის დირექტორს, რომელიც აცხადებს, რომ ეს ადამიანები სხვა ფუნქცია-მოვალეობებსაც ითავსებდნენ.

"პანდემიის წესების რეგულაციაში გვეხმარებოდნენ ეს ადამიანები. თან პანდემიის დროს ჰქონდათ მოქმედი ხელშეკრულება და ვერც გავუშვებდით. რაც შეეხება ამჟამად, მოლარეების შტატი გვაქვს, მაგრამ მოლარეები არ გვყავს. ველოდებით, როდის გახდება ფასიანი ბოტანიკური ბაღი", — აცხადებს ზვიად ქარჩავა.