პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან:

  • გიორგი კალანდარიშვილი (მოქმედი თავმჯდომარე);
  • თამაზ ფოლადაშვილი;
  • თენგიზ თევზაძე.

ცესკოს წევრების შემთხვევაში, ვაკანტურია 2 ადგილი. კანდიდატები არიან:

  • ქრისტინე ქაჯაია;
  • ლევან ისაკაძე;
  • მაია ზარიძე;
  • გია ცაცაშვილი.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ.

კანდიდატებს 9 წევრისგან შემდგარი კომისია აფასებდა. მათ შორის იყვნენ:

  • ზვიად გამისონია (კომისიის თავმჯდომარე) — ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ტატიანა ხოხიაშვილი (კომისიის მდივანი) — ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის თავმჯდომარე;
  • ზაურ ხალილოვი — სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი;
  • არნოლდ სტეფანიანი — მრავალეროვანი საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე
  • ნინო ჩხობაძე — საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს თავმჯდომარე;
  • პაატა ტურავა — თსუ-ს პროფესორი;
  • სოფიო მიდელაშვილი — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
  • გიორგი იაშვილი — აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის პროფესორი;
  • შალვა ქურდაძე — საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი.