თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ გადამწყვეტი, ორმხრივი და ერთიანი პასუხი მოყვება. ფსაკის თქმით, ბაიდენმა პუტინს ამის შესახებ მკაფიოდ განუცხადა.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განუცხადა რუსეთის პრეზიდენტს, რომ თუ რომელიმე რუსული სამხედრო ძალა გადაადგილდება უკრაინის საზღვარზე, ეს განახლებული შეჭრა იქნება და მას მოყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეებისგან. პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე იცის დიდი ხნის გამოცდილებიდან, რომ რუსეთს აქვს აგრესიის ვრცელი სია არამხოლოდ სამხედრო მოქმედებების, არამედ კიბერშეტევებისა და გასამხედროებული ტაქტიკის შესახებ. მან დღეს დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიის ამ აქტებს გადამწყვეტი, ორმხრივი და ერთიანი პასუხი მოყვება", — ვკითხულობთ განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას უკრაინაში რუსეთის მიერ "მცირე შეჭრის" შესახებ კრიტიკა მოყვა. ბაიდენმა თქვა, რომ თუ რუსეთის ქმედება "მცირე შეჭრა" იქნება, გამოიწვევს კამათს, რა უნდა მოიმოქმედოს ამერიკამ. თუმცა მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი რეალურად გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც შეუძლია და უკრაინაში შეიჭრება, ეს კატასტროფა იქნება მისთვის.

უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, შოკირებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერთმანეთისგან განასხვავა "მცირე შეჭრა" და შეჭრა. მისივე თქმით, არასდროს სმენია მსგავსი განცხადება აშშ-ისგან და "ეს მწვანე შუქს უნთებს პუტინს, რომ სიამოვნებით შეიჭრას უკრაინაში".

ამერიკელი სენატორის, რობ პორტმანის განცხადებით, ღრმად შეწუხებულია ბაიდენის განცხადებით და მიაჩნია, რომ ეს საფრთხის დანახვის არასწორი გზაა.