ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, სასჯელის მოხდის შემდეგ შეუძლია, იმ მონასტერში წავიდეს, სადაც გადაწყვეტს.

"სააკაშვილს აქვს მისჯილი 6 წელი და ამ 6 წლის მოხდა მოუწევს ბუნებრივია საპატიმროში, გარდა ამისა მიმდინარეობს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ, სასამართლო განხილვებია და როგორ დამთავრდება, ეს ჯერ არ ვიცით. რაც შეეხება, როცა მოიხდის სასჯელს, თუ ის ბერად შედგომას გადაწყვეტს, ბუნებრივია, შეუძლია წავიდეს, მეუფე ნიკოლოზსთან და სადაც უნდა, რომელ მონასტერშიც უნდა. მახსენდება სულხან-საბას ცნობილი იგავი მელა მოძღვრად და რამდენად გამოდგება ეს ადამიანი მოძღვრად, ვერ გეტყვით", — თქვა სუბარმა.

ახალქალაქის, კუმურდოისა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ხელისუფლებას შესთავაზა, მის ეპარქიაში გამოყოს სივრცე სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ. მისი თქმით, ბევრი პრობლემა მოიხსნება იმითი, რომ ექსპრეზიდენტი შიდა პატიმრობაში გადაიყვანონ.