ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მტკიცებით, TV პირველის მიერ გავრცელებული ჩანაწერები "კონტექსიდან ამოგლეჯილია". ის მათ ნამდვილობას არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ დიალოგი, სადაც მისი და ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის საუბარი ისმის,"სრული სახით ნაჩვენები" არ ყოფილა და "ნამდვილ შინაარსს არ ასახავდა".

"ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა, მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი. ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში. ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი", — წერს ბასილაშვილი.

მისივე თქმით, "პარალელური მართლმსაჯულების გამართვას" არ აპირებს და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება.

22 იანვარს TV პირველმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერები, რომელიც მათი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ნეკა დოროყაშვილს ეკუთვნის. როგორც ჟურნალისტი სიუჟეტში აღნიშნავს, ეს ფაილი ერთ-ერთია იმ ჩანაწერებს შორის, რომლებიც მხარეებმა სასამართლოში წარადგინეს.

გავრცელებულ ფაილებში ბასილაშვილი ყოფილ ცოლს შეურაცხყმოფელად მოიხსენიებს და მის დამცირებას ცდილობს. ამასთან, ის დოროყაშვილს სოციალურ ქსელში პოსტის რეკლამირებისთვის ეკამათება და ეუბნება, რომ "ღირსება" არ გააჩნია, რაზეც დოროყაშვილი პასუხობს, რომ ამ ფულს დაუბრუნებს. ჩანაწერებში ისმის კამათი შვილთან დაკავშირებით — ბასილაშვილი დოროყაშვილს ეუბნება: "შენ თვითონ გაზრდი და მოუარე".

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი ჩოგბურთელია. საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ჩოგბურთელს ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს. აღნიშნული ბრალდებით ის 2020 წლის გასული წლის მაისში დააკავეს — ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.