სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, მედიასაშუალებებში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.

მათი ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს. უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მედიაში გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქეს სცემს. თავდაპირველად, ვიდეო ერთ-ერთი მეტროსადგურის ექსკალატორზეა გადაღებული, სადაც სავარაუდოდ, არასრულწლოვნის თანმხლები პირები პოლიციელს ეუბნებიან, რომ ის ყრუ-მუნჯია, რაზეც პოლიციელი პასუხობს:

"ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა? [...] აი, ახლა უნდა ავალაპარაკო".

მომხდარზე განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. მათი თქმით, უწყებისთვის პოლიციელის მხრიდან ნებისიერი ძალადობრივი ქმედება კატეგორიულად მიუღებელია. შსს-ს ინფორმაციითვე, გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე ფაქტის მოკვლევა დაიწყო.