სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, მედიასაშუალებებში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქეს სცემს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელია დაკავებული.

"კერძოდ, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, მიტროპოლიტენის სამმართველოს მესამე ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ ხოლო, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი კ.ბ", — განაცხადა გიორგი გამეზარდაშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიციელმა ფიზიკურად 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის პირზე იძალადა. შედეგად, მან დაზიანებები თავისა და სახის არეში მიიღო. ასევე, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი დამცირებულად იგრძნო.

"2022 წლის 23 იანვარს, საღამოს საათებში დაახლოებით, 20 საათითიდან, 21 საათამდე დროის მონაკვეთში, 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი ძმასთან და მეგობართან ერთად იმყოფებოდა მეტროსადგურ ისანში. ესკალალატორზე მყოფმა პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ-მ არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა მეტროს ფოიეში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის განკუთვნილ ოთახში. აღნიშნულ ოთახში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული, პოლიციელი აგრძელებდა მის გამეტებით ცემას", — თქვა მან.

მისივე ინფორმაციით, პატრულის თანამშრომელი ნ.ბ, რომელმაც არასრულწლოვანზე იძალადა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ.

"ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელი, მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას", — აცხადებენ უწყებაში.

კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქეს სცემს, გუშინ, 24 იანვარს გავრცელდა. თავდაპირველად, ვიდეო ერთ-ერთი მეტროსადგურის ესკალატორზეა გადაღებული, სადაც არასრულწლოვნის თანმხლები პირები პოლიციელს ეუბნებიან, რომ ის ყრუ-მუნჯია, რაზეც პოლიციელი პასუხობს:

"ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა? [...] აი, ახლა უნდა ავალაპარაკო".

გუშინ, 24 იანვარს ქართული ოცნების ოფისთან აქცია გაიმართა, რის შემდეგაც ისინი მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ წავიდნენ. მათ თან ჰქონდათ ბანერი "მწამებელი სისტემა".