ბოლო წლებში დისნეიმ აქტიურად დაიწყო თავისი კლასიკად ქცეული ანიმაციების ახალი ვერსიების გადაღება. ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, მზეთუნახავი და ურჩხული და მეფე ლომი, ნამდვილ ბლოკბასტერებად იქცა და მაყურებლის ორი თაობაც გააერთიანა. თუმცა, ზოგიერთმა დისნეი გააკრიტიკა. მათ შორის აღმოჩნდა ამერიკელი მსახიობი და Game of Thrones-ის ვარსკვლავი, პიტერ დინკლიჯიც.

დისნეიმ გასულ წელს განაცხადა, რომ ფიფქია და შვიდი ჯუჯის ახალ ვერსიას გადაიღებდნენ, სადაც მთავარ როლს რეიჩელ ზეგლერი, ბოროტ დედოფალს კი გალ გადოტი შეასრულებდა.

იმის მიუხედავად, რომ კინოკომპანიამ ფილმის სამსახიობო დასში მრავალფეროვნების ასახვისთვის ბევრისგან ქება დაიმსახურა, დინკლიჯი ერთ-ერთ პოდკასტერთან სტუმრობისას აღნიშნავს, რომ ისინი ორიგინალური ნაწარმოების მთავარ პრობლემაზე თვალს ხუჭავენ. უფრო კონკრეტულად, იმაზე, თუ როგორ წარმოაჩენს ანიმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

"ცოტათი გავოცდი, როცა დიდი სიამაყით განაცხადეს, რომ ფიფქიას როლზე ლათინურამერიკული წარმომავლობის მსახიობი დაამტკიცეს", — აღნიშნავს დინკლიჯი, — "ისევ ფიფქია და შვიდ ჯუჯას ჰყვები. სხვა მხრიდან შეხედე, რას აკეთებ. ჩემთვის არანაირი აზრი არ აქვს.

"ერთი მხრივ, პროგრესული ხარ, მაგრამ მაინც უკუსვლით მიდიხარ და გამოქვაბულში ერთად მცხოვრებ შვიდ ჯუჯაზე იღებ ფილმს; რა ჯანდაბას აკეთებ? ნუთუ ამ საკითხს არ შევხებივარ? ალბათ საკმარისად ხმამაღლა არ მილაპარაკია".

ფოტო: Disney

ფიფქია და შვიდი ჯუჯა დისნეის პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაცია იყო და დღემდე მიიჩნევა კინოსტუდიის კლასიკად. დინკლიჯის წამოყენებული საკითხი იმ დიდი განხილვის საგანია, თუ რამდენად უნდა განვსაჯოთ ხელოვნების წინანდელი ნიმუშები თანამედროვე სტანდარტებით. საზოგადოების მსოფლმხედველობის ცვლილებასთან ერთად, პრობლემური ნამუშევრების ბედი გაურკვეველი რჩება. ზოგი მიიჩნევს, რომ მათ აღარ უნდა მივუბრუნდეთ, თუმცა, დინკლიჯი ასე არ ფიქრობს. მსახიობის თქმით, მხოლოდ ის სურს, ნაწარმოების პრობლემური ასპექტები სათანადოდ წარმოჩინდეს.

სწორედ ამ მიზნით გადაწყვიტა დისნეიმ 2020 წელს, რომ რასისტული კონტენტის შემცველი ფილმებისთვის გაფრთხილება წაემძღვარებინა. ნაწარმოებებს შორის აღმოჩნდა ლედი და მაწანწალა, დამბო, ჯუნგლის წიგნი და პიტერ პენი.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო WarnerMedia-ის კუთვნილმა ამერიკულმა ტელეარხმაც, რომელმაც კლასიკად ქცეულ კინოსურათებს, მათ შორის ფილმებს ქარწაღებულნი და საუზმე ტიფანისთან, გაფრთხილება დაურთო.