გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 10 დღის წინ, ქუთაისის აეროპორტის გავლით, კანაბიდიოლის შემცველი ზეთი შემოიტანა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ საქმე აღძრან, რათა გაარკვიოს, რას ედავებით ხოლმე ადამიანებს.

"ერთი ქილა ვაჩუქე მეგობარს (რეალიზაცია მოვახდინე). მაინტერესებს, რომელი კანონების რომელი მუხლები დავარღვიე (თუ რამე დავარღვიე). ჩემს ინტერესშია, რომ აღძრათ საქმე და გავარკვიო, რას ედავებით ხოლმე ადამიანებს, რომლებიც ან აქ აწარმოებენ, ან შემოაქვთ CBD-ს შემცველი პროდუქცია. არ გაგიჭირდებათ ჩემი პოვნა. თუ ჩემთან მიმართებაში არ გექნებათ რეაქცია, ამ შემთხვევას გამოვიყენებ მომავალში ყველა იმ ადამიანის დასაცავად, ვისაც პრობლემას შეუქმნით CBD-ს შემცველ პროდუქტებთან რაიმე შემხებლობის გამო", — წერს ის.

ჯაფარიძის განცხადებით, CBD, იგივე კანაბიდიოლი, ნივთიერებაა, რომელსაც მცენარე კანაფი შეიცავს და რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2017-2018 წლის ანგარიშების მიხედვით:

  • ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების თვალსაზრისით სრულიად უვნებელია;
  • არ ახასიათებს ფსიქოაქტიური ეფექტი;
  • არ იწვევს დამოკიდებულებას;
  • შეუძლებელია მისი ბოროტად გამოყენება;
  • განსხვავებით THC-სგან, რომელსაც ასევე შეიცავს მცენარე კანაფი, CBD-ს არ ახასიათებს "დაბოლების" ეფექტი, პირიქით, ამცირებს ასეთ ეფექტს;
  • ეფექტურია ეპილეფსიის მკურნალობის თვალსაზრისით როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებსა და ცხოველებში;
  • არსებობს წინასწარი მონაცემები, რომ შესაძლოა, ეფექტური იყოს ალცჰაიმერის, სიმსივნეების, ფსიქოზების, პარკინსონისა და სხვა მძიმე დაავადებებთან მიმართებაში.

როგორც ის Facebook-ზე წერს, უკვე არაერთ ქვეყანაში CBD-ს შემცველი პროდუქტები იწარმოება, იყიდება და გამოიყენება როგორც საკვები დანამატი ან სამკურნალო საშუალება და CBD-ს ბაზარი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარი თანამედროვე მსოფლიოში.

მისი თქმით, საქართველოში, მიუხედავად ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილისა, სახელმწიფო დღემდე "შერჩევითად" უქმნის პრობლემებს იმ ადამიანებს, რომლებიც ზრდიან CBD-ს შემცველ კანაფს, შემოაქვთ CBD-ს შემცველი პროდუქცია და/ან ახდენენ ასეთი პროდუქციის რეალიზაციას.