ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 52% პასუხობს, რომ ცუდად.

ფოტო: NDI

მას კარგად გამოკითხულთა 39% აფასებს, 7% პასუხობს, რომ არ იცის, ხოლო დანარჩენი პასუხზე უარს აცხადებს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ უმრავლესობა, ასევე, უკმაყოფილოა ინსტიტუტებითა და ლიდერებით. მათ შორის, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას ცუდად გამოკითხულთა 35% აფასებს, 46-46% — პრეზიდენტისა და პარლამენტის საქმიანობას, ხოლო ცესკოს — 35%.

ფოტო: NDI

ამასთან, დოკუმენტის თანხმად, გაუარესდა როგორც პრემიერმინისტრის, ასევე, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასებები. 2020 წლის დეკემბერში პრემიერის საქმიანობას ცუდად 17% აფასებდა, ხოლო 2021 დეკემბერში ეს რიცხვი 35%-მდე გაიზარდა.

ფოტო: NDI

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას 2020 წლის დეკემბერში მხოლოდ 36% პასუხობდა ცუდად, 2021 დეკემბერში კი — 46%.

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, ცესკოს საქმიანობის ნეგატიური შეფასება ბოლო 6 თვეში გასამმაგდა, ხოლო პარლამენტის საქმიანობის დადებითი შეფასება კვლავაც დაბალია.

გამოკითხული მოსახლეობის უმრავლსეობას, ასევე, არ სჯერა, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს. კერძოდ, 53% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, 42% არ იზიარებს, რომ საკანონმდებლო ორგანო მთავრობის საქმიანობას ეფექტურად უწევს ზედამხედველობას. ასევე, გამოკითხული მოსახლეობის 52% არ ეთანხმება, რომ თუ წევრებს მის დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ისინი პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯებს გადადგამენ. მოსახლეობის 61% კი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ პარლამენტი მოქალაქეებს რეგულარულად ეკონტაქტება.

ფოტო: NDI

კვლევა საზოგადოების განწყობა საქართველოში NDI-ის დაკვეთით, CRRC საქართველოს მიერ ჩატარდა. აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.