იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ინფორმაციით, მოსამართლემ Netflix-ის შუამდგომლობა ნონა გაფრინდაშვილის საქმის წარმოების შეწყვეტაზე არ დააკმაყოფილა.

მათივე ცნობით, მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით.

სერიალი ლაზიერის გამბიტი ახალგაზრდა მოჭადრაკე ბეტ ჰარმონზე გვიყვება, რომელიც კაცებით დომინირებულ ჭადრაკის სამყაროში თავის დამკვიდრებას ცდილობს. ლაზიერის გამბიტით სერიალის მოყვარულები საქართველოში განსაკუთრებით დაინტერესდნენ, რადგან ნეტფლიქსის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტში ქართული ჭადრაკის ლეგენდა — ნონა გაფრინდაშვილია ნახსენები.

ამ დეტალს მაყურებელთა კრიტიკა მალევე მოჰყვა, რადგან ყველამ, ვისაც კი ნონა გაფრინდაშვილის შესახებ სმენია, სერიალში გაჟღერებული არასწორი ინფორმაცია მაშინვე შენიშნა. სერიალის ბოლო ეპიზოდში მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის გამომცხადებელი აღნიშნავს, რომ გაფრინდაშვილი კაც მოთამაშეს არასდროს შეხვედრია, რაც სიმართლეს არ შეესამება.

სერიალის გამოსვლიდან თითქმის ერთი წლის გასვლის შემდეგ ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოხვდა. გამოცემა The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველმა მოჭადრაკემ სტრიმინგ კომპანია ნეტფლიქსის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში წამოიწყო. გაფრინდაშვილი ნეტფლიქსისგან $5 მილიონს ითხოვს.

ქართველი მოჭადრაკის სარჩელში კაცების წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის წარმატებული ასპარეზობა დეტალურადაა განხილული. სარჩელში ვკითხულობთ, რომ გაფრინდაშვილი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთ გამოცდილ კაც ჩემპიონს შეხვედრია, სერიალში ნათქვამი ფრაზა კი მას, როგორც მოქმედ მოთამაშეს, პროფესიულ ზიანს აყენებს.