პროკურატურის ცნობით, რუსთავში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ძალადობის საქმეზე დეპუტატ დავით კირკიტაძისა და კიდევ სამი პირის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც პროკურატურა ამბობს, შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 24 ოქტომბერს ვ.ბ რამდენიმე პირთან ერთად ენმ-ს საქმიანობას აპროტესტებდა, რა დროსაც, უწყების მტკიცებით, პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა მათზე იძალადეს.

"პროტესტის გამოხატვისას, ვ.ბ.-სთან და მის თანმხლებ პირებთან პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ, მათ შორის იმყოფებოდა დავით კირკიტაძეც, რომელმაც მის მიმართ საჯაროდ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ვ.ბ.-ს და მის თანმხლებ — ო.ყ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა. მომხდარი კონფლიქტის დროს ვ.ბ.-მ, შ.მ.-მ და ო.ყ.-მ, პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ორი პირის მიმართ განახორციელეს ფიზიკური ძალადობა", — აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კირკიტაძე პროკურატურის ამ განცხადებას გამოეხმაურა და Facebook-ზე დაწერა, რომ ქართული ოცნება რუსთავის საკრებულოს დაკარგვის შემდეგ საპასუხო ნაბიჯზე ფიქრობდა და ეს განცხადებაც ამას უკავშირდება. მისი თქმით, ამ ბრალის წაყენებით ხელს ვერ შეუშლიან გეგმების განხორციელებაში რუსთავსა და სხვა ქალაქებში.

"ქართული ოცნება რუსთავის საკრებულოს დაკარგვის მერე, საპასუხო ნაბიჯზე ფიქრობდა. რა, გადაწყვიტეს რუსთაველებისათვის საჭირო ინიციატივების გამოჩენა ხალხისათვის ჩვენზე უკეთესი გეგმის შეთავაზება? არა – ეს მათ არ შეუძლიათ, თუმცა რაც იციან, ესაა პოლიტიკური პოლიციითა და პროკურატურით ბრძოლა და ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა", — წერს ის.

კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია ორი პირის მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, მათ მიმართაც დევნა ძალადობის მუხლით დაიწყო.

თავად აქციის მონაწილე ვ.ბ.-ს მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

რაც შეეხება დანარჩენ ორ პირს, ო.ყ.-სა და შ.მ.-ს, მათ მიმართაც დევნა ძალადობის მუხლით დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ, დაპირისპირებაში მონაწილე სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო უკვე შეუფარდა. რაც შეეხება კირკიტაძეს, პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

24 ოქტომბერს დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ ენმ-ის რუსთავის ოფისის თანამშრომლებს ქართული ოცნების 20-მდე აქტივისტი თავს დაესხა. მისი თქმით, მძიმედ ორი, ხოლო, ნაკლებად მძიმედ ერთი ადამიანია დაშავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამასთან, მოგვიანებით გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ დაპირისპირებაში ჩაერთო კირკიტაძეც და ოფისთან მისულ ერთ-ერთ ადამიანს დაარტყა.