პოლონეთში აშშ-ის სამხედრო ძალების პირველი ნაწილი ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ მათი რიცხვი გაიზრდება.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ჯარი სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე განთავსდა. პოლონეთის არმიის სპიკერის თქმით, აშშ-ის არმიის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის პირველი ნაწილი ქვეყანაში გამოცხადებული გადაწყვეტილების შესაბამისად ჩავიდა.

2 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მხრიდან საფრთხის ფონზე, აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება ოფიციალურად დაამტკიცა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ სამხედრო ძალებს უახლოეს დღეებში პოლონეთში, გერმანიასა და რუმინეთში გაგზავნიდა.

როგორც პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, უახლოეს დღეებში აშშ-დან პოლონეთსა და გერმანიაში დაახლოებით 2 000 ჯარისკაცი ჩავა. გარდა ამისა, ამჟამად გერმანიაში მყოფი 1 000 ჯარისკაცი რუმინეთში გაიგზავნება.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპაში ჯარის განთავსება NATO-ს მოკავშირეების მიმართ მხარდაჭერის ჩვენებაა. ჯონ კირბის თქმით, ეს სამხედრო ძალები რუსეთის შეჭრის შემთხვევაში უკრაინაში არ იბრძოლებენ.

უკრაინის საზღვრებთან სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. 26 იანვარს რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ძალები განათავსა, რითიც უკრაინის ჩრდილოეთით შეიქმნა ახალი სავარაუდო ფრონტი თავდასხმისთვის. ამის ფონზე რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, ამავდროულად კი დასავლეთი მკაცრი ეკონომიკური სანქციებით იმუქრება. ბოლო ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული.

3 თებერვალს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთი შეჭრის საბაბად ყალბი ვიდეოს დამზადებას გეგმავდა, სადაც ნაჩვენები იქნებოდა უკრაინელების თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე ან რუს სეპარატისტებზე. აშშ-ს ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც კრემლი განიხილავს, არის თავდასხმის ინსცენირება და გადაღება, მათ შორის, აფეთქებებისა და მსხვერპლის გამოსახულებები.

ამასთან, როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 4 თებერვალს თქვა, თუ რუსეთი უკრაინის მიმართ აგრესიას გააგრძელებს, ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვს მზად.

გაიგე მეტი: