2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წლის თავზე, 8 აგვისტოს, დილიდან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, შეკრება დაიწყეს პოლიტიკოსებმა, მთავრობის წარმომადგენლებმა და გარდაცვლილთა ნათესავებმა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

რაც შეეხება სამოქალაქო პირებს, აგვისტოს ომში მიღებული ჭრილობების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მიენიჭა ორ პირს, რომლებზეც გაიცემა სახელმწიფო გასაცემელი.

IDFI-ის ინფორმაციით, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოში 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა. 2009-2015 წლებში კი, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა ჯამში 18 679 ოჯახს.

სახალხო დამცველის განცხადებით, 2008 წლის სექტემბერში, ომში სამოქალაქო სექტორისთვის მიყენებული ზარალის შესწავლის კომისიამ, 2010 წლის აპრილის თვეში მუშაობა შეწყვიტა და მისი საქმიანობის შედეგები დღემდე უცნობია საზოგადოებისათვის.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების მიუხედავად, რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფით.

დღეის მდგომარეობით შექმნილია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე.

ამის პარალელურად, საოკუპაციო ხაზთან კვლავ არსებობს საქართველოს მოქალაქეების გატაცებებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები. ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულია მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები.