საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივი ოპერაციის შედეგად 19 წლის ირმა ყ. 23 წლის ბექა შ. და 17 წლის ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ასევე დაკავებულნი არიან 22 წლის ავთანდილ ა. და 23 წლის დათა გ. ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის ბრალდებით.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ერთ-ერთი ბრალდებულის, ირმა ყ.-ს დედა, 76 წლის ლუბა ყ. დანით მოკლეს. გამოძიების ვერსიით, მკვლელობის შემდეგ, მოკლულის ცხედარი დიდი ჩანთით ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს და ორი ჩანთით გლდანის გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, ბენზინი დაასხეს და დაწვეს.

როგორც სამართალდამცავი უწყება აცხადებს, ამოღებულია ნივთმტკიცება და ჩატარებულია ექსპერტიზები, ასევე ამოღებულია ვიდეოჩანაწერები.

შსს ამტკიცებს, რომ ეს იყო "რიტუალური მკვლელობა". რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულებს, ირმა ყ. და ბექა შ. დანაშაულს აღიარებენ, ხოლო ნინა ჩ. დუმილის უფლებას იყენებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.