როგორ ირჩევენ პრეზიდენტს ამერიკაში: საარჩევნო სისტემის დეტალები

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

ამერიკის შეერთებულ შტატებში 8 ნოემბერს 58-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, რა დროსაც უნდა აირჩიონ აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი და 48-ე ვიცე-პრეზიდენტი. ამერიკელები პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით ირჩევენ, თუმცა, ამის შესახებ ქვემოთ.

ვინ იბრძვის აშშ-ს პრეზიდენტობისთვის?

6 ნოემბრის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატად სულ 1 738 მოქალაქეა დარეგისტრირებული. თუმცა, ყველა მათგანის სახელი არ იქნება საარჩევნო ბიულეტენში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ბიულეტენში ჩაწერილი იქნება დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარის კლინტონისა და რესპუბლიკელების კანდიდატის, დონალდ ტრამპის სახელები.

ტრამპისა და კლინტონის გარდა კიდევ ვის სურს აშშ-ს პრეზიდენტობა?

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პოლიტიკურ სისტემაში, ძირითადად, ორი პარტია და ამავე პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატები დომინირებენ, სხვა პარტიებსა და დამოუკიდებელ კანდიდატებსაც აქვთ შანსი, იბრძოლონ პრეზიდენტობისთვის.

თითოეული შტატი ადგენს კრიტერიუმებს, მათი შტატის ამომრჩევლისთვის განკუთვნილ ბიულეტენებში კანდიდატები როგორ უნდა მოხვდნენ, რათა მათთვის ხმის მიცემა შეძლონ. ეს არის მიზეზი, რის გამოც სხვადასხვა შტატში მოსახლეობას ბიულეტენში ძირითად კანდიდატებთან ერთად ხვდება სხვა კანდიდატებიც, ეს არჩევანი კი შტატების მიხედვით განსხვავდება.

აშშ-ს 50-ვე შტატისა და კოლუმბიის ოლქისთვის განკუთვნილ ბიულეტენში, ტრამპისა და ჰილარი კლინტონის გარდა, ჩაწერილი იქნება ლიბერტარიანული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, გარი ჯონსონისა და ამავე პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ბილ ველდის სახელები.

40 შტატისა და კოლუმბიის ოლქის მოსახლეობას, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამი კანდიდატისა, ხმის მიცემა შეეძლებათ მწვანეთა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, ჯილ სტეინისთვის და ამავე პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, აჯამუ ბარაკასთვის.

აშშ-ს კონსტიტუციის პარტიის სახელით, აშშ-ს 40 შტატსა და კოლუმბიის ოლქში ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად იბრძვიან პრეზიდენტობის კანდიდატი დარელ კასლი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი სკოტ ბრედლი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით 20-ზე ნაკლები შტატში პრეზიდენტობისთვის იბრძოლებენ:

  • ევან მაკმალინი, დამოუკიდებელი კანდიდატი;
  • გლორია ლარივა, სოციალიზმისა და განთავისუფლების პარტიის კანდიდატი;
  • როკი დე ლა ფუენტე, რეფორმების პარტია;
  • ემიდიო "მიმი" სოლტისიკი, აშშ-ს სოციალისტური პარტია;
  • ელისონ კენედი, სოციალისტ მშრომელთა პარტია;

აშშ-ს 5-ზე ნაკლებ შტატში პრეზიდენტობის კანდიდატად ასევე რეგისტრირებულია 21 პირი, რომელთა შორის სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები არიან, მათ შორის მძღოლები, ვეტერანები, მარიხუანას ლეგალიზების მომხრე აქტივისტები და ა.შ.

დანარჩენი 1 700-მდე პრეზიდენტობის კანდიდატი აშშ-ს ფედერალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულია როგორც "ჩასაწერი კანდიდატი".

რას ნიშნავს "ჩასაწერი კანდიდატი"?

"ჩასაწერი კანდიდატის" ცნება არის ის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემას გამოარჩევს ქართული, ან ჩვენთვის სხვა, მეტ-ნაკლებად კარგად ნაცნობი საარჩევნო სისტემისგან.

პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ოფიციალურ კანდიდატად დარეგისტრირების მოთხოვნებს, შეუძლია იყოს "ჩასაწერი კანდიდატი" ნებისმიერი სახის არჩევნებზე, მათ შორის კონგრესის, საპრეზიდენტო და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მექანიზმი ადამიანებს არჩევნებში კენჭისყრის საშუალებას აძლევს, ის მაინც შეზღუდულად მუშაობს.

მოქალაქეებს თუ არ აკმაყოფილებთ ბიულეტენში არსებული კანდიდატების ჩამონათვალი და მათთვის სასურველი პირი სიაში არ არის, მათ შეუძლიათ ბიულეტენში სასურველი კანდიდატის სახელი ხელით ჩაწერონ, ან ჩააკრან სტიკერი ამ კანდიდატის სახელით. რეგულაციები და წესები ამ შემთხვევაშიც განსხვავებულია შტატების მიხედვით. ზოგ შტატში ეს დაუშვებელია, მაგრამ შტატების ნაწილში ეს დაშვებულია. მაგალითად, გამონაკლის შტატებში ამომრჩევლებს შეუძლიათ ბიულეტენში ჩაწერონ ბერნი სანდერსის სახელი, რომელიც საარჩევნო მარათონს 2016 წლის ზაფხულში გამოეთიშა. ასეთი ხმები ჩვეულებრივ ითვლება და იშვიათად, შესაძლოა გამარჯვების მომტანიც იყოს.

აშშ-ს არჩევნების ისტორიაში (ოღონდ არა საპრეზიდენტო) ყოფილა შემთხვევები, როცა ბიულეტენებში ამომრჩევლების მიერ ამ ფორმით ჩაწერილ კანდიდატებს გაუმარჯვიათ. მაგალითად, 2010 წელს სწორედ ამ ფორმით გახდა რესპუბლიკელი ლიზა მურკოვსკი ალასკის სენატორი. მან საარჩევნო კამპანიისას ვერ მოიპოვა უფლება, კენჭი ეყარა პარტიის სახელით, რის შემდეგაც ბედი "ჩასაწერი კანდიდატის" სტატუსით სცადა და გაიმარჯვა კიდეც. ასეთი შემთხვევები არაერთია.

რა გზა უნდა გაიაროს აშშ-ს მოქალაქემ პრეზიდენტობამდე?

პირველ რიგში, აუცილებელია, რომ პირი დაბადებული იყოს აშშ-ში, ბოლო 14 წელი ცხოვრობდეს აშშ-ს ტერიტორიაზე და იყოს მინიმუმ 35 წლის. თუ ის ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, შეუძლია ბედი სცადოს.

თუ პირს სურს პრეზიდენტობა, მან თავისი ღირებულებათა სისტემის მიხედვით უნდა აირჩიოს, რომელი პარტიაა მასთან ყველაზე ახლოს და ამ პარტის სახელით იყაროს კენჭი. საქართველოსგან განსხვავებით, იქ თავად კანდიდატი ირჩევს პარტიას, ვისი სახელითაც სურს არჩევნებში მონაწილეობა. პარტიას ისღა დარჩენია, პატივი სცეს მის გადაწყვეტილებას. არჩევნებში მონაწილეობენ დამოუკიდებელი კანდიდატებიც, თუმცა ამაზე მოგვიანებით.

ამის შემდეგ აშშ-ს ყველა შტატში კანდიდატები იწყებენ საარჩევნო კამპანიას, რათა მოიპოვონ სასურველი პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია, ანუ კანდიდატად ოფიციალურად დასახელების უფლება, პრაიმერებისა და კოკუსების საშუალებით. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრაიმერები და კოკუსები 1 თებერვალს, აიოვაში დაიწყო და 14 ივნისს კოლუმბიის ოლქში დასრულდა.

რა არის პრაიმერი?

პრაიმერი იგივე წინასწარი არჩევნებია, სადაც კანდიდატები ცდილობენ დააგროვონ იმ პარტიის მხარდამჭერთა ხმები, რომლის პრეზიდენტობის კანდიდატობასაც აპირებენ. მთელი შტატის მასშტაბით კონკრეტული პარტიის მხარდამჭერები მიდიან საარჩევნო უბნებზე და ანონიმურად, ბიულეტენებით ხმას აძლევენ მას, ვინც შემდეგ ამ პარტიის სახელით კენჭს იყრის პრეზიდენტის პოსტზე. სწორედ ასე გახდა დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჰილარი კლინტონი კი - დემოკრატების.

რა არის კოკუსი?

კოკუსი, პრაიმერის მსგავსად, წინასწარი არჩევნებია, თუმცა, პრაიმერისგან განსხვავებულად ტარდება. კოკუსის დროს პარტიის წევრები იკრიბებიან და მსჯელობის შედეგად წყვეტენ, რომელ კანდიდატს დაუჭირონ მხარი. დღესდღეობით, კოკუსის გზით პრეზიდენტობის კანდიდატს ირჩევენ ალასკაში, კანზასში, სამხრეთ დაკოტაში, კოლორადოში, ჰავაიში, მინესოტაში, ნევადაში, ვაიმონიგსა და აიოვაში. კანდიდატის გამოვლენის ამავე მეთოდს იყენებენ ამერიკის ტერიტორიები - სამოა, გუამი და ვირჯინიის კუნძულები. რაც შეეხება დანარჩენ შტატებს, ისინი ან მხოლოდ პრაიმერის იყენებენ, ან ორივეს ერთად.

რა არის ეროვნული ყრილობა?

მას შემდეგ, რაც პრაიმერებითა და კოკუსებით გამოვლინდებიან პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატები, იმართება პარტიის ეროვნული ყრილობა, სადაც პრაიმერებსა და კოკუსებში გამარჯვებულს ოფიციალურად ასახელებენ საპრეზიდენტო კანდიდატად, ამავე დროს ხდება ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენაც. სწორედ ამის შემდეგ ითვლებიან კონკრეტული პირები პრეზიდენტობის ოფიციალურ კანდიდატებად და იწყებენ საპრეზიდენტო კამპანიას, მათ შორის დებატებს, ამომრჩევლებთან შეხვედრებს და ა.შ.

როგორ ხდება არჩევნებში გამარჯვებულის გამოვლენა?

ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით არ ირჩევს. მართალია, ისინი ხმას აძლევენ კონკრეტულ, მათთვის სასურველ კანდიდატს, თუმცა, რეალურად ისინი ირჩევენ ამომრჩეველთა კოლეგიას, რომლებმაც შემდეგ უნდა აირჩიონ პრეზიდენტი. ცოტა დამაბნეველია, არა? მივყვეთ დეტალურად.

რა არის ამომრჩეველთა კოლეგია?

ამომრჩეველთა კოლეგია არის აშშ-ს კონსტიტუციის საფუძველზე შექმნილი ორგანო, რომელიც შედგება 538 წევრისგან. იმისათვის, რომ კანდიდატი პრეზიდენტი გახდეს, მას სჭირდება მინიმუმ 270 წევრის ხმა.

ამომრჩეველთა კოლეგია აშშ-ს დამფუძნებელმა მამებმა კონსტიტუციით შექმნეს იმიტომ, რომ ეპოვათ ბალანსი პრეზიდენტის პირდაპირ წესით, ხალხისა და კონგრესის მიერ არჩევას შორის.

ამომრჩეველთა კოლეგია შედგება შტატების წარმომადგენლებისგან. თითოეულ შტატს კოლეგიაში ზუსტად იმდენი წარმომადგენელი ჰყავს, რამდენი წარმომადგენელიც ჰყავს კონგრესში. რაც შეეხება კოლუმბიის ოლქს, ის კოლეგიაში 3 წევრით არის წარმოდგენილი (აშშ-ს ყველაზე მცირერიცხოვანი შტატის მსგავსად).

ამომრჩეველთა კოლეგიაში თითოეულ შტატს წარმომადგენელთა განსხვავებული რაოდენობა ჰყავს და ეს დამოკიდებულია შტატში მცხოვრებთა რიცხვზე.

როგორ არჩევენ ამომრჩეველთა კოლეგიის წევრებს?

ამომრჩეველთა კოლეგიის წევრები არიან პარტიის, ან პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ მაღალი ნდობითა და რეპუტაციით აღჭურვილი პირები. მაგალითად, თუ კალიფორნიის შტატში პრეზიდენტობის A კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მიიღო ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა, თუნდაც ერთი ხმით მეტი, ამომრჩეველთა კოლეგიაში კალიფორნიის შტატის ყველა, ანუ 55 წარმომადგენელი ვალდებულია, ხმა მისცეს სწორედ A კანდიდატს. ამ პრინციპით იქცევა აშშ-ს 48 შტატი და კოლუმბიის ფედერალური ოლქი.

მხოლოდ 2 შტატში, ნებრასკასა და მაინიში ნაწილდება ხმები პროპორციული სისტემით.

რა მოხდება, თუ ამომრჩეველთა კოლეგიის წევრი სხვას მისცემს ხმას?

თეორიულად არსებობს შანსი, რომ ამომრჩეველთა კოლეგიის წევრს არჩევნების დღეს მისი შტატის ამომრჩეველმა დაავალოს ხმა მისცეს A კანდიდატს, თუმცა, მან არ შეასრულოს ეს ვალდებულება და თავისი ხმა მიაკუთვნოს B კანდიდატს. კოლეგიის ასეთ წევრს "არასანდო ამომრჩეველი" ჰქვია. თუ ამომრჩეველთა კოლეგიის წევრმა არ შეასრულა ეს ვალდებულება, ზოგმა შტატმა შესაძლოა, მას სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს. გარდა ამისა, "არასანდო ამომრჩეველი" რისკავს საკუთარ რეპუტაციასა და ნდობას, შესაბამისად, მსგავსი ფაქტები იშვიათად ხდება.

ყოფილა თუ არა "არასანდო ამომრჩევლის" პრეცედენტი?

კი, აშშ-ს არჩევნების ისტორიას არაერთი მსგავსი ფაქტი ახსოვს, თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე ამას გავლენა არასდროს არ მოუხდენია. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა 1836 წელს დაფიქსირდა, როცა ამომრჩეველთა კოლეგიის 23-მა წევრმა ვირჯინიის შტატიდან, ორგანიზებულად უარი თქვა ხმა მიეცა დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, რიჩარდ ჯონსონისთვის, რომელმაც იმ დროისთვის სკანდალური ნაბიჯი გადადგა და გაასაჯაროვა სასიყვარულო ურთიერთობა თავის მონასთან, ჯულია ჩინთან. ამომრჩეველთა კოლეგიის ვირჯინიელი წევრების მხარდაჭერის დაკარგვის შემდეგ, ჯონსონი 1 ხმით ჩამორჩა კონკრუენტს. მაშინ მისმა კონკურენტმაც ვერ მოიპოვა კოლეგიიდან ხმების საკმარისი რაოდენობა, რის გამოც, აშშ-ს ისტორიაში პირველად და უკანასკნელად, ვიცე-პრეზიდენტი სენატმა აირჩია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სენატმა არჩევანი სწორედ ჯონსონზე შეაჩერა.

"არასანდო ამომრჩევლის" მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებისა და არჩევანის შეცვლის ერთეული შემთხვევები დაფიქსირებულა, ზოგი შეცდომით, ზოგიც - წინასწარ გამიზნულად, თუმცა, არცერთ ამ შემთხვევას არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ კრიტიკის მიუხედავად, სისტემა ამ დრომდე მუშაობს.

როდის გვეცოდინება აშშ-ს პრეზიდენტის ვინაობა?

8 ნოემბერს, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, შედეგების გამოქვეყნება მალევე დაიწყება, რადგან აშშ-ში ხმებს ავტომატურად ითვლიან და არა - ხელით. არჩევნების დასრულებიდან მალევე დაიდება სურათი, კონკრეტული შტატი რომელ კანდიდატს უჭერს მხარს და შესაბამისად, შესაძლებელი იქნება აშშ-ს პრეზიდენტის ვინაობის გარკვევა, თუმცა, ეს არ არის საბოლოო შედეგი და თეორიულად, შესაძლოა, გამარჯვების აღნიშვნა ნაადრევიც აღმოჩნდეს.

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, თითოეულ შტატში დეკემბრის შუა რიცხვებამდე უნდა შეარჩიონ თავიანთი წარმომადგენლები საარჩევნო კოლეგიაში წარსადგენად. როგორც ზემოთ ვახსენეთ, თუ ფლორიდაში მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა A კანდიდატს, მაშინ კალიფორნიის შტატი შეარჩევს კოლეგიის 55 წევრს, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან, კოლეგიაში გამართული კენჭისყრისას მხარი სწორედ A კანდიდატს დაუჭირონ.

ამგვარად დაკომპლექტებულმა ამომრჩეველთა კოლეგიამ, რომელსაც ეყოლება 538 წევრი, კენჭი უნდა უყაროს აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს. ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაითვალონ და გამოაცხადონ 2017 წლის 6 იანვრისთვის (ეს თარიღი შეიძლება უმნიშვნელოდ შეიცვალოს). თუ 538-დან 270-მა წევრმა მაინც მხარი დაუჭირა ერთ კანდიდატს, სწორედ ის იქნება აშშ-ს ახალი პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც იანვრის მეორე ნახევარში გაიმართება.

რა მოხდება, თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა საკმარისი 270 ხმა?

თეორიულად შესაძლებელია, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღოს ამომრჩეველთა კოლეგიის 270 წევრის ხმა. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი უნდა აირჩიოს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ყველაზე მეტი ხმის მქონე 3 კანდიდატს შორის, ხოლო ვიცე-პრეზიდენტის არჩევის ვალდებულება, 2 ყველაზე რეიტინგულ კანდიდატს შორის, სენატს ეკისრება.

შემთხვევა, როცა აშშ-ს პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატამ აირჩია, ერთადერთხელ, 1824 წელს მოხდა. მაშინდელ არჩევნებში ამომრჩეველთა კოლეგიაში ხმების საკმარისი რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რის შემდეგაც პრეზიდენტი წარმომადგენელთა პალატამ აირჩია. ასე გახდა ჯონ ქვინსი ადამსი აშშ-ს მეექვსე პრეზიდენტი.

შესაძლებელია თუ არა, პრეზიდენტი ვერ გახდეს ის, ვინც მოსახლეობის ყველაზე მეტ ხმას მიიღებს?

კი, შესაძლებელია. მსგავსი რამ ბოლოს 2000 წელს მოხდა. 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო კოლეგიაში 539 ამომრჩეველი მოხვდა. პრეზიდენტის არჩევა კი ამ რაოდენობის უბრალო უმრავლესობით მოხდა. მართალია, დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა, ალ გორმა ხალხის ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა რესპუბლიკელმა ჯორჯ ბუშმა მას ამომრჩეველთა კოლეგიაში მიღებული ხმებით აჯობა. მაშინ, ფლორიდაში არაერთი ხარვეზი დაფიქსირდა და ხმების ხელმეორედ გადათვლა გახდა საჭირო, შტატის უზენაესმა სასამართლომ ფლორიდაში გამარჯვებულად ჯორჯ ბუში დაასახელა, რის შედეგადაც მან ამომრჩეველთა კოლეგიაში ფლორიდის წარმომადგენელთა 25 ხმა მიიღო, ხმების საერთო რაოდენობამ კი 271 შეადგინა.

რატომ არის ისტორიული 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები?

მართალია, ჰილარი კლინტონი არ არის პირველი ქალი, რომელიც აშშ–ს პრეზიდენტობისთვის იბრძვის, მაგრამ ის ნამდვილად პირველია, რომელსაც აქვს რეალური შანსი, გახდეს მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოს პირველი პირი.

აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა უკვე დაწყებულია. ამომრჩევლებს, რომლებიც 8 ნოემბერს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებენ ხმის მიცემას, შეუძლიათ წინასწარ გახსნილ უბნებს წინასწარ ეწვიონ და მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი. გადამწყვეტ სიტყვას კი ამერიკელი ხალხი 8 ნოემბერს იტყვის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  2. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  3. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  4. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ
  5. პარლამენტმა რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება ხვალისთვის გადადო — რა იქნება შემდეგ, პროცედურულად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა

ყველამ ვიცით, რომ ჩახუტება ნუგეშთან და დადებით ემოციებთან ასოცირდება, მაგრამ რას ამბობს მეცნიერება მისი გავლენის…