კვირას, 20 ნოემბერს, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მას სურს გერმანიის კანცლერის არჩევნებში, რომელიც მომავალ წელს გაიმართება, მონაწილეობა მიიღოს. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.

62 წლის კონსერვატორმა განაცხადა, რომ მან ბევრი იფიქრა, ჩართულიყო თუ არა 2017 წლის სექტემბრის არჩევნებში, მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ბრექსითის შემდეგ სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ტრამპის ამერიკის პრეზიდენტად არჩევის გამო მიიღო:

"ამ თანამდებობაზე 11 წლის გატარების შემდეგ, გადავწყვიტე რომ მომავალი ოთხი წლისთვის კვლავ ვიყარო კენჭი, თუ ჯანმრთელობა ამის საშუალებას მომცემს.

წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, გერმანელების 55%-ს მერკელის ნახვა ამ პოზიციაზე კვლავ სურს, 39% კი მისი წინააღმდეგია.

მერკელმა საერთაშორისო პატივისცემა ევროპის უდიდესი ეკონომიკური კრიზისის დროს მოღვაწეობისა და უკრაინის კონფლიქტის გადაჭრისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მოიპოვა. ობამამ მას გასულ კვირას "მნიშვნელოვანი მოკავშირე" უწოდა. ანგელა მერკელს, მიგრანტთა კრიზისის მიმართ, შედარებით ღია პოლიტიკა აქვს.