ტელეკომპანია იბერიას ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ბორჯომის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელს მიშა ხუციშვილს და მის მეგობრებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც გასვიანმა On.ge-ს განუცხადა, ის ღამით მანქანით ბორჯომის შესასვლელში იყო, როდესაც მისი ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდა და დატრიალდა.

ჟურნალისტის თქმით, ადგილზე იყვნენ სამოქალაქო ფორმაში მყოფი პოლიციელები, რომლებმაც ის მანქანიდან გადმოიყვანეს. გიორგი გასვიანი აცხადებს, რომ ის ცემეს და თავზე იარაღი მიაბჯინეს, ხოლო როდესაც გაიგეს რომ ჟურნალისტი იყო, პირობა დაადებინეს, რომ ამბავს არ გაასაჯაროებდა:

"გუშინ ღამით გზა ამერია, ჩემი მანქანა მწყობრიდან გამოვიდა და მომიტრიალდა, რა დროსაც იქ იყვნენ სამოქალაქო ფორმაში მყოფი პოლიციელები მათი მანქანით. გადმოვიდნენ მანქანიდან, დამიწყეს ყვირილი, ავუხსენი, რომ მანქანის ძრავი ჩამიქვრა, მომიცურდა და ძლივს შევაკავე, არც დავჯახებივარ, არც არაფერი, ამის გამო გადმომიდგნენ გზაზე, გადმომიყვანეს მანქანიდან, მცემეს, მირტყეს, იარაღი მომაბჯინეს თავზე, ათას რაღაცას მეუბნებოდნენ.

როდესაც გაიგეს, რომ ჟურნალისტი ვიყავი, სხვა აგრესია გაუჩნდათ, შეეშინდათ, შენ ამას ახლა გაასაჯაროებო და ხვალ ალბათ სტატიას გამოდებო. თავში და მხრებში მირტყეს. ხელები მირტყეს და იარაღი მოგვიანებით უკვე დამალეს.

მერე შეეშინდათ, წამომიყვანეს და გზაში პირობას მადებინებდა, რომ არ ვიტყოდი არსად არაფერს და მე ვაჯერებდი, რომ არ ვიტყოდი. დამაჯერებლად ვეუბნებოდი, რომ თავი დამეღწია. ამათ რიგითი მოქალაქე ვეგონე. ერთი პოლიციელი და სამმართველოს თანამშრომელი მიშა ხუციშვილი, დანარჩენები კი მისი მეგობრები.

მერე დამაქოქინეს მანქანა, მომიყვანეს სასტუმროში, ერთი პოლიციელი ჩამიჯდა გვერდით და გამაკონტროლა, როგორ მოვიდოდი აქ. მანდარინიც მაჩუქა და გადამეხვია, გადამკოცნა, ნომერს და გვარს სახელს მთხოვდა და არ ვუთხარი, ვეუბნებოდი ამით დავამთავროთო, მამის სული დამაფიცებინეს რომ არაფერს ვიტყოდი, ამით დავიძვრინე თავი".

გიორგი გასვიანის თქმით, მან უკვე დარეკა გენერალურ ინსპექციაში და მოკვლევა დაიწყეს:

"სასტუმროში დამხვდენ შსს-ს თანამშრომლები, რომლებსაც ტრენინგი უტარდებათ აქ და ისინი დამეხმარნენ ძალიან. წამიყვანეს საავადმყოფოში, შემამოწმეს, ტრავმა დამიდგინეს, შემდეგ კი წამიყვანეს პოლიციაში და დამკითხეს".

გიორგი გასვიანის თქმით, ინციდენტი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

ფაქტს უკვე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი. მისი თქმით, თუ ეს ინციდენტი დადასტურდა, ძალიან მკაცრი სანქციები გატარდება.