ტელეკომპანია GDS-ზე გადაცემა 2030 იხურება. მსოფლიო ამბებისა და შუა დღის გადაცემის დახურვა კი იანვრის ბოლოს იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს ორმა დამოუკიდებელმა წყარომ მიაწოდა.

ტელეკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თათა ძმანაშვილმა კითხვაზე, დაიხურა თუ არა 2030, ან სხვა რომელიმე გადაცემა ასე უპასუხა: „ვერაფერს ვერ გეტყით. ამ ეტაპზე ჯერ ისვენებენ, არც ერთი გადაცემა არ გადის ჯერ". თუმცა, მსოფლიო ამბები ამ დრომდე ეთერშია.

GDS-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ეკა შონიას არ აქვს ინფორმაცია, დაიხურა თუ არა 2030. როგორც ის ამბობს, მისთვის ოფიციალურად არავის უცნობებია.

საზოგადობრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატმა, ვასილ მაღლაფერიძემ, რომელიც მანამდე 2030-ის პროდიუსერი იყო დღეს სამეურვეო საბჭოსთან გასაუბრებაზე აღნიშნა, რომ GDS-მა „პოლიტიკური მიმართულება ჩამოიცილა“.

რამდენიმე დღის წინ ჰოლდინგმა იმედმა განცხადება გაავრცელა, სადაც ტელეკომპანია მაესტროს გაერთიანებისა და ტელეკომპანია GDS-სთან მოლაპარაკებები დაადასტურა. იმ შემთხვევაში, თუ ეს სამი ტელევიზია ერთ ჰოლდინგში გაერთიანდება, საქართველოს კანონმდებლობით, მათგან რომელიმე ორს საინფორმაციო პროგრამების შეჩერება მოუწევს. ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ, რაც აუცილებელია საინფორმაციო პროგრამების შესაჩერებლად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის იმედს, მაესტროს ან GDS-ს არ მიუმართავთ.