საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა. მას განმეორებით კენჭისყრაზე სამეურვეო საბჭოს 6-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მაღლაფერიძის კონკურენტმა, თიკო ბერძენიშვილმა კი 2 ხმა მიიღო.

ვასილ მაღლაფერიძე, CV-ის მიხედვით, ამ დრომდე უმუშევარი იყო, ბოლოს კი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში გადაცემა 2030-ის გენერალურ პროდიუსერად მუშაობდა. მისი მედიაში მუშაობა ტელეკომპანია GDS-ით არ შემოიფარგლება. სხვადასხვა დროს იყო TV9-ის, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის, დირექტორის მოადგილე, ჟურნალ კალმასობას მთავარი რედაქტორი, გაზეთ კავკასიონის დამფუძნებელი, რედაქტორი და მთავარი კონსულტანტი. გარდა ამისა, 2 მოწვევის პარლამენტის წევრი, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გუბერნატორი და სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობა სულ 15 კანდიდატს სურდა, მათგან ბაჩუკი ბახტაძე კონკურსს სამეურვეო საბჭოს მიერ მათი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გამოეთიშა. სამეურვეო საბჭოს 3 იანვრის კენჭისყრის შედეგებით კი, საბჭო გაესაუბრა თინათინ ბერძენიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, ზაალ ანჯაფარიძეს, ნინო ზაუტაშვილსა და ნათია კუპრაშვილს.