ბრიფინგზე, რომელზეც ნაციონალური მოძრაობის გაყოფა დაანონსდა, გიგი უგულავა სიტყვით გამოვიდა.

მან გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ ის არაა ნაციონალური მოძრაობის შემქმნელი, თუმცა პარტია მან დაშალა. თბილისის ყოფილმა მერმა ასევე თქვა, რომ სააკაშვილი "საკუთარი თავის პრობლემაა" და არა ქვეყნის.

გიგი უგულავამ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც, მისი თქმით, ლიდერობას აღარ ასხივებს, მანქანას შეადარა:

"ჩვენ პოლიტიკოსები ყველანი ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ, როცა ის მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო, და მოუარო, როგორც ანტიკვარს და შემდეგ ოჯახის წევრები შაბათ-კვირას გაასეირნო, მაგრამ თუ ეს ანტიკვარად არ იქცა და თუ ეს მანქანა ისევ გაწუხებს, მაშინ სხვა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო, მაშინ ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯართში".

უგულავამ განაცხადა, რომ ქვეყანას ერთადერთი პრობლემა აქვს, ესაა ბიძინა ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობა.