საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა თანამდებობის პირის დეკლარაცია 13 იანვარს შეავსო. მას ჰყავს 2 შვილი - ნინო და დაჩი კევლიშვილები და ქმარი - კახაბერ კევლიშვილი.

ინაშვილს და მის ქმარს ჯამში 2 ბინა, 2 არასაცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთი აქვთ საკუთრებაში. კევლიშვილს სახელზეა რეგისტრირებული თბილისში (90 მ2) ბინა და არასაცხოვრებელი ფართი დიდ დიღომში (110 მ2). დეპუტატის სახელზე კი ბინა ბორჯომის რაიონში - ლიკანში (43,49 მ2), არასაცხოვრებელი მიწის ნაკვეთები დუშეთის რაიონში - სოფელ ბაზალეთში (2 100 მ2) და თბილისში (330 მ2). ცოლ-ქმარს, ლიკანში არსებული ბინის გარდა, სხვა ქონება მემკვიდრეობით აქვთ მიღებული.

ინაშვილის სახელზევეა რეგისტრირებული 2017 წელს შეძენილი ავტომობილი NISAN ARMADA, რომლის ღირებულებადაც დეპუტატს 14 ათასი ამერიკული დოლარი აქვს მითითებული.

გასულ წელს, დეპუტატს, დედამ 7 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების ოქროს ბეჭედი აჩუქა.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ინაშვილმა დეკლარაციაში აღნიშნა, რომ 2016 წელს მისი შემოსავალი 10 200 ლარი იყო. გარდა ამისა, მანვე აიღო 5 844 ლარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისთვის. მისი ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ დეკლარაციაში ინფორმაცია მითითებული არაა.

ინაშვილს აქვს ვალი 5 200 ამერიკული დოლარი და 300 ლარი. გარდა ამისა, 2016 წელს აღებული სესხი 5 000 ამერიკული დოლარი.

პარლამენტის თავმჯდომარეების სხვა მოადგილეების ქონება შეგიძლიათ ნახოთ აქ.