მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრებმა 2016 წლის 18 ნოემბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით, შემოსავლის სახით, 1 037 036 ლარი მიიღეს. ამ თანხის 60 პროცენტზე მეტი - 625 894 ლარი - დეპუატატების უფლებამოსილების განხორციელების დანამატები იყო, 411 142 ლარი კი - თანამდებობრივი სარგო.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში ყველაზე მეტი შემოსავალი 2016 წელს პარლამენტის თავმჯდომარეს - ირაკლი კობახიძეს და მის მოადგილეებს ჰქონდათ. თითოეულმა მათგანმა დანამატის სახით თანამდებობრივ სარგოზე ორჯერ, ან უფრო მეტი ანაზღაურება მიიღეს.

ირაკლი კობახიძემ 2016 წლის 18 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე 9 306 ლარი გამოიმუშავა, საიდანაც 2 762 ლარი - თანამდებობრივი სარგოა, 6 544 ლარი კი - დანამატი. იმავე რაოდენობის თანამდებობრივი სარგო ჰქონდათ მის მოადგილეებს - თამარ ჩუგოშვილს, გია ვოლსკის, ილია ნაკაშიძეს, ზვიად ძიძიგურს, ირმა ინაშვილს და სერგი კაპანაძეს. თუმცა, მათ დანამატის სახით 5 992 ლარი მიიღეს. თითოეულმა მათგანმა ჯამში 8 754 ლარი მიიღო. გამონაკლისი იყო ჩუგოშვილი, რომელსაც დანამატი უფრო მეტი - 6 081 ლარი შეხვდა, ჯამში კი - 8 843 ლარი მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების გარდა, 8 ათას ლარზე მაღალი შემოსავალი მიიღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით არჩეულმა დეპუტატებმა - ხათუნა გოგორიშვილმა (8 196 ლარი), რომან გოცირიძემ (8 196 ლარი) და დავით ბაქრაძემ (8 615 ლარი). სამივე მათგანის დანამატი, პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მსგავსად (სხვა დეპუტატებისგან განსხვავებით), აღემატებოდა 5 ათას ლარს. გამონაკლისი იყო პატრიოტთა ალიანსის სიით არჩეული გიორგი ლომია, რომელმაც დანამატი 5 512 ლარი აიღო.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრების შემოსავლები 2016 წლის 18 ნოემბრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით.

ფოტო: infogr.am

შესწორება: თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ პარლამენტის დეპუტატებმა დანამატის სახით 625 894 ლარი მიიღეს. პარლამენტის პრესსამსახურთან დაზუსტდა, რომ ეს არის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის განკუთვნილი დანამატი, რომელიც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.