საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მიაჩნიათ, რომ ბილაინი (შპს მობიტელი) ვერ აკმაყოფილებს სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობის ერთ-ერთ პირობას. კომისიის პრესსპიკერის, ხატია ყურაშვილის განმარტებით, ბილაინის ქსელი 3G/UMTS ტექნოლოგიით სატენდერო წინადადებაში მითითებულ ზონებში (ქ.თბილისი, ქ. გორი, ქ. რუსთავი და ამ ქალაქების დამაკავშირებელი მაგისტრალები) არ ფუნქციონირებს.

„შესყიდვების სააგენტოს ეცნობა, რომ კომისიის აზრით, შპს მობიტელი დღევანდელი მდგომარეობით ვერ აკმაყოფილებს სატენდერო პირობებს - 3G/UMTS ტექნოლოგიით მომსახურების ნაწილში,“ - განმარტავენ კომისიაში.

კომისიის ინფორმაციით, მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიები - მაგთიკომი, ჯეოსელი და ბილაინი - ინფორმირებულები იყვნენ, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ შესყიდვაში მონაწილეობის შემთხვევაში კომისია შეისწავლიდა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, მათზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების საკითხს.

On.ge ბილაინისგან კითხვებზე პასუხს ელოდება, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.