კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მათთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა რეალური სივრცის დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა.

აღნიშნული ინფორმაცია On.ge-მ სხვა, რამდენიმე წყაროსგანაც მიიღო, თუმცა, მაუწყებლის მენეჯმენტი ცვლილებების შესახებ, ბოლო დღეებში, ინფორმაციას არ ადასტურებდა, გადაცემა რეალური სივრცის ავტორები კი ამბობდნენ, რომ თავადაც არ იცოდნენ კონკრეტული გეგმები და ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მომავალი კვირიდან ექნებოდათ.

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის, დღეს გავრცელებულ განცხადებაში ხაზი გაუსვა გადაცემა რეალური სივრცის მნიშვნელობას:

"რეალური სივრცე თავისი არსით არის ჭეშმარიტად საზოგადოებრივი პლატფორმა, ქართულ მედია სივრცეში ერთ-ერთი წარმატებული თოქ-შოუ, რომელიც სიღრმისეულად, სხვადასხვა კუთხით განიხილავს აქტუალურ და მწვავე თემებს. ამისათვის პროექტს არა ერთი პროფესიული ჯილდო და აღიარება ერგო.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არც ერთი გადაცემა არ უნდა დაიხუროს მანამ, სანამ გადაწყვეტილების მიმღები პირები არ დაასაბუთებენ გადაცემების დახურვის გადაწყვეტილებას და არ წარმოადგენენ კონკრეტულ სამაუწყებლო ბადეს თუ რას სთავაზობენ მაყურებელს სანაცვლოდ. 2017 წელს ქვეყანაში ტარდება თვითმმართველოვის არჩვნები, მიმდინარეობს საკონსტიტუციო რეფორმა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ მნიშვნელოვან პროცესებს უნდა აშუქებდეს ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში".

კოალიცია აცხადებს, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან პროცესების ამგვარ განვითარებას და მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, საჯარო გახადოს დაგეგმილი შეხვედრა გენერალურ დირექტორთან და სხდომის ვიდეო განათავსოს მაუწყებლის ვებგვერდზე, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება გაეცნოს გენერალური დირექტორის გეგმებს.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მედიაკლუბი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
  • არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოებისათვის
  • ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია
  • მედიის მხარდაჭერის ფონდი