საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, ია ანთაძე ამბობს, რომ მოამბის თანამშრომლებისთვის ე.წ. ატესტაციის ჩატარება იგეგმება. ამის შესახებ ანთაძემ On.ge-ს განუცხადა.

"[ატესტაცია] გაარკვევს თანამშრომლების კვალიფიკაციის ხარისხს. ვინც დღეს მუშაობს ყველას ექნება საშუალება, რომ თავისი კვალიფიკაცია დაადასტუროს იმ პროცედურით, რის ჩატარებასაც ჩვენ ვგეგმავთ," - თქვა ანთაძემ.

ანთაძე არ აკონკრეტებს, როდისთვის იგეგმება თანამშრომლების კვალიფიკაციის შემოწმება. თუმცა, ამბობს, რომ ატესტაცია მაუწყებელში დიდი ხნის წინ დაიგეგმა.

"ჩვენ გვინდა კარგად დავინახოთ ამ ადამინების კვალიფიკაცია, ვინც "ნიუსრუმში" მუშაობს, იმ ცვლილებების ფონზე, რაც აქ უნდა განხორციელდეს," - აღნიშნა ანთაძემ, რომლის თქმითაც, საერთო შედეგების ნახვის შემდეგ გადაწყდება, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი.

დღეს მოამბის თანამშრომელმა, ლაშა მესხმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების ნაწილს ერთთვიანი ხელშეკრულება გაუფორმდათს. არხის ახალი და მიმდინარე ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ ხანმოკლე ხელშეკრულებების გაფორმების მიზეზად არხზე მიმდინარე რეორგანიზაცია დაასახელა.