საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ სამეურვეო საბჭოს საკუთარ ხედვა წარუდგინა - როგორ უნდა მოხდეს გადაცემები შეფასება. მათ მიაჩნიათ, რომ გადაცემები სამ ჯგუფად უნდა დაიყოს.

  1. გადაცემები, რომელიც იზიდავს მაყურებელს, მათი რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე მაღალია;
  2. გადაცემები, რომელის რეიტინგიც მაუწყებლის საშუალო რეიტინგის ფარგლებშია;
  3. გადაცემები, რომელიც საშუალო რეიტინგზე დაბალია და იწყებს მაყურებელთა მიგრაციას სხვა არხზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების ბიუჯეტი და რეიტინგი.

ფოტო: GPB

არხის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ, რომელიც აღმასრულებელი საბჭოს წევრიცაა, აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გადაცემების შეფასება მხოლოდ ორი პარამეტრითაა შესაძლებელი - რეიტინგებით და ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებაში.

აღმასრულებელ საბჭოს მიაჩნია, რომ პირველ და მეორე კატეგორიაში არსებული გადაცემები უნდა დარჩეს, მესამე კატეგორიაში მოხვედრილი გადაცემები კი აღარ გავიდეს ეთერში.

პირველ ბლოკში, წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, შედიან გადაცემები:

  • გამომძიებელი რეპორტიორი; გურმანია; ფერმა; ჰოპლა! ჩვენ ვიცოცხლებთ; შაბათის საღამო ლიზასთან; წიგნების თარო; ტელებლოგი; პირადი ექიმი; სიტყვების თამაში და გააგრძელე საქართველოს ისტორია.

მეორე ბლოკში:

  • დოკუმენტების ფილმების სტუდია; ეპოქა; დღე მუზეუმში და ინტერVIEW.

მესამე ბლოკში:

  • ხანმოკლე მე-20 საუკუნე; ეკონომეტრი; ვაშინგტონი დღეს; სპორტი 360 გრადუსი; მთავარი; რეალური სივრცე (პარასკევი); ვექტორი; სპორტის დაფა; წითელი ზონა; რეალური სივრცე; ტელემანი; კაცებს დრო; C სტუდია; უცნობი მუსიკა.

ეს ხედვა აღმასრულებელმა საბჭომ სამეურვეო საბჭოს გუშინ, 16 თებერვალს მაუწყებლის არხების მუშაობის შეფასების ოთხპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით წარუდგინა. ეს კრიტერიუმებია: ხარისხი, წვდომა, ფასეულობა დანახარჯებთან მიმართებით და ზეგავლენა.

სამეურვეო საბჭოს წევრის ქეთი მსხილაძის თქმით, პირველი პრეზენტაციის მსგავსად დღესაც, აღმასრულებელმა საბჭომ მხოლოდ რეიტინგების საშუალებით გადაცემების შეფასებაზე გააკეთა აქცენტი. მარინა მუსხელიშვილს კი მიაჩნია, რომ ერთი დღე, შესაძლოა, არა იყო საკმარისი მენეჯმენტს შეემუშავებინა ხედვა.

გადაცემების ამ კრიტერიუმებით დაყოფის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა. ამ საკითხზე სამუშაო შეხვედრებზე განხილვას გეგმავს სამეურვეო საბჭო.