საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ლაშა მესხს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა. არხის მენეჯმენტი ჟურნალისტთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ხედავს. მესხისთვის ეს ინფორმაცია გუშინ, 28 თებერვალს გახდა ცნობილი.

"ეს არის იერიში არა მხოლოდ პირადად ჩემზე არამედ მაუწყებლის დარგობრივ პროფკავშირზე, განსხვავებულ აზრზე და იმ პროტესტზე, რასაც წინა წლის მაისიდან ყველა ერთად ვახორციელებდით! მაუწყებელს ვტოვებ, მაგრამ ამ ბრძოლიდან გამარჯვებამდე არ გავალ!" - ასე გამოეხმაურა მესხი საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებას ფეისბუკში, პირად გვერდზე. მან პირველ მარტს 14 საათზე ტელევიზიის შენობასთან დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციის გავრცელება დააანონსა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძემ On.ge-ს უთხრა, რომ მესხთან თანამშრომლობის აღარ გაგრძელება მხოლოდ მის მუშაობას არ უკავშირდება, თუმცა, მიზეზები არ დაასახელა.

"მე მასთან თანამშრომლობის შესაძლებლობას ვერ ვხედავ ამ ეტაპზე, მომავალში არ ვიცი რა იქნება. შეიძლება კიდე შევძლოთ თანამშრომლობა," - აღნიშნავს გიორგი გვიმრაძე, რომელიც განმარტავს, რომ გადაწყვეტილება მესხის პროფკავშირებში საქმიანობის გამო არ მიუღიათ.

დაახლოებით ერთი თვის წინ ლაშა მესხსა და მაუწყებლის 12 თანამშრომელს ერთთვიანი ხელშეკრულებები გაუფორმდათ. თუმცა, ერთი თვის თავზე, მხოლოდ მესხმა დატოვა მაუწყებელი. ხანმოკლე ხელშეკრულებების გაფორმების დროს გვიმრაძე ამბობდა, რომ მოამბეში დიდი ხანია დაგეგმილია ცვლილებები და პროცესი მიმდინარეობს, რაც კადრების გადახალისებას და "თანამშრომლების სიმწირის ამოვსებასაც" გულისხმობს.