საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო. გადაწყვეტილების მიზეზებზე პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

"მე დღეს მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებ საქართველოს პარლამენტს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტთა პაკეტს. პაკეტში არის რიგი საკამათო საკითხებისა, თუმცა, კონსულტაციებისა და ჩვენი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა ორი ძირითადი ხარვეზი:

  • პირველი, ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და შესაბამისად, ეწინააღმდეგება ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
  • მეორე ეს არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელსაც ეს კანონპროექტი აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს".

გიორგი მარგველაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა იმ კანონების შესახებ, რომელიც მან სხვადასხვა დროს სხვადასხვა კანონების წინააღმდეგ გამოიყენა, რომელიც შემდეგ უმრავლესობამ დაძლია და საკონსტიტუციო სასამართლომ ეს კანონები არაკონსტიტუციურად სცნო. მათ შორის იყო მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო ადრეც დაადო, პარლამენტმა ეს ვეტო წარმატებით დაძლია, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ ის არაკონსტიტუციურად სცნო და პარლამენტს ახალი კანონის მიღების ბოლო ვადად 2017 წლის 31 მარტი განუსაზღვრა.

შესაბამისად, პრეზიდენტმა პარლამენტს მოუწოდა, რომ ვეტოს დაძლევის ნაცვლად უკეთეს კანონმდებლობაზე იმუშაოს.