შპს ბლექ სი არენა Gem-Fest-ის ფარგლებში მოწვეულ არტისტებს, ჯამში, 741 360 ევროს გადაუხდის, რაც ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის 1 980 914 ლარი იყო. 10 მუსიკალური შემსრულებლის ჩამოსაყვანად ხელშეკრულება 20 მარტს, pet plus doo-თან გაფორმდა. ღონისძიება Check in Georgia-ს ფარგლებში ანაკლია-განმუხურის საკურორტო ზონის ბულვარში საფესტივალო ტერიტორიაზე გაიმართება.

მუსიკალური შემსრულებლები, რომელებიც ამ ხელშეკრულების ფარგლებში ღონისძიებაში მონაწილეობენ, არიან: Paul Kalkbrenner, Solomun, Martin Garrix, Axwell & Ingrosso, Sander Van Doorn, Sunnery James & Ryan Marciano, Dubfire, Carlo Lio, Roger Sanchez და Dennis Ferrer.

ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომსახურების ღირებულება არ გაიზრდება და მოიცავს ყველა იმ ხარჯსა და გადასახადს, რომელიც უკავშირდება ხელშეკრულების განხორციელებას. შემსყიდველი მომსახურებას ეტაპობრივად მიიღებს და თანხასაც ეტაპობრივად გადაიხდის.

"არტისტს არ ეკისრება არანაირი ვალდებულება მონაწილეობა მიიღოს რაიმე სარეკლამო ღონისძიებაში, მისცეს ინტერვიუ, სხვა. ამგვარი მოთხოვნები განხილულ უნდა იქნას თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით," - ვკითხულობთ ხელშეკრულებაში.

თუ საჭირო გახდა ღონისძიების თარიღის შეცვლა ამით ღონისძიების ღირებულება არ იცვლება. ღონისძიების გადადების მიზეზი შეიძლება იყოს არტისტის ავადმყოფობა ან დაშავება, რეისის გადავადება, თანამშრომელთა გაფიცვა, მეტეოროლოგიური პრობლემები ან ომი.

ბლექ სი არენა სახელმწიფოსგან 6,5 მილიონი ლარის მომსახურების შესაძენად ნებართვას დახლოებით თვენახევრის წინ ითხოვა. შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციით, ამ თანხიდან, კომპანია 4,5 მილიონი ლარის ჰონორარისთვის დახარჯვას, დარჩენილი 2 მილიონის კი - კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის გეგმავდა.

ამავე პროექტის ფარგლებში ბლექ სი არენაAerosmith-ის კონცერტის გასამართად სახელმწიფოსგან 5,5 მილიონი ლარის დახარჯვის უფლება აქვს.