სახელმწიფო სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 31 იანვრამდე სახელმწიფო უწყებები კვლავ მაგთისა და ჯეოსელის სერვისებით ისარგებლებენ. კომისიამ შესაბამისი გადაწყვეტილება 27 მარტს მიიღო.

სატენდერო წინადადების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ, 2017 წლის პირველი აპრილიდან 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, 260 ათასი აბონენტისთვის GSM, UMTS, LTE სტანდარტებით მომსახურება უნდა უზრუნველყოს. ქსელის დაფარვის არეალი უნდა იყოს ქვეყნის არანაკლებ 90 პროცენტი და დასახლებული ტერიტორიის არანაკლებ 95 პროცენტი. გარდა ამისა, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს: 2G/GSM, 3G/UMTS და 4G/LTE ინტერნეტის მომსახურების გაწევა.

კომისიის გადაწყვეტილებით, 10 აპრილამდე სახელმწიფო უწყებებს უფლება აქვთ დაიწყონ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების დადების და პორტირების პროცედურები.

იმავე მომსახურებაზე კონსოლიდირებული ტენდერი რამდენიმე თვის წინათაც გამოცხადდა. მაშინ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ბილაინმა მიიღო, რომელიც, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, პირობებს ვერ აკმაყოფილებდა. თუმცა, ამ კომპანიამ ბოლო კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო.