საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხუთ თემატიკაზე ცხრა გადაცემის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. განაცხადის შევსება მსურველებს 3 აპრილიდან შეუძლიათ. კონკურსი გამოცხადდა კულტურის, შემეცნებით-საგანმანათლებლო, საბავშვო-ახალგაზრდული, შემეცნებით-გასართობი და სოციალური ტოქშოუს გადაცემების დასამზადებლად.

კულტურის მიმართულებაზე კულტურულ-შემეცნებითი გადაცემის და კულტურის სიახლეები მიმოხილვაზე გადაცემის წარდგენაა შესაძლებელი. შემეცნებით-საგანმანათლებლო მიმართულებაზე სამი ტიპის გადაცემის: ჯანსაღი ცხოვრების; სოფლის მეურნეობისა და ისტორია/ლიტერატურა/მეცნიერების თემატიკაზე გადაცემების დამზადება იგეგემება. საბავშვო-ახალგაზრდულ სეგმენტში საბავშვო შემეცნებითი გადაცემა და საბავშვო-ახალგაზრდული შემეცნებითი გადაცემა - თამაში უნდა დამზადდეს, შემეცნებით გასართობ სეგმენტში კი, კულინარიაზე.

"პროექტების შეფასება განხორციელდება სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე პროექტები კომისიის წევრების მიერ შეფასდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები მოწვეულნი იქნებიან წარმოდგენილი პროექტის საპრეზენტაციოდ. მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს კი მოეთხოვებათ წარმოდგენილი პროექტების პილოტის მომზადება, რომელსაც შეაფასებს კომისია და ასევე წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე გამოავლენს საუკეთესო პროექტებს," - ვკითხულობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე პროექტების შეფასების ეტაპების შესახებ.

გადაცემებს 12-კაციანი ჟიური შეაფასებს. კომისიის შემადგენლობაში შედიან მოწვეული ექსპერტები: დრამატურგი - თამარ ბართაია, სოციოლოგი - იაგო კაჭკაჭიშვილი, მედიაკრიტიკოსი - დავით ბუხრიკიძე, სცენარისტი, რეჟისორი - სოფო ბაბლუანი. ჟიურის შემადგელობაში საზოგადოებრივი მაუწყებლიდან არიან: თეო მაზმიშვილი - წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ბლოკის დირექტორი; რუსუდან მანჯგალაძე - სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი; კოტე ჯანდიერი - დოკუმენტური ფილმების სტუდიის ხელმძღვანელი; თემურ გოგოლაძე - წარმოების დეპარტამენტის უფროსი; კახაბერ ბუხრაშვილი - ვიზუალური გაფორმების სამსახურის უფროსი; რუსუდან ახვლედიანი - კვლევისა და ანალიტიკის სამსახურის სოციოლოგი და თამარ კაციტაძე - ონლაინ მედია ხელმძღვანელი.