საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი წესის ნაცვლად, წარმომადგენლობითი სახით, 300 ხმოსანი აირჩევს. ეს ცვლილება ქართულ ოცნების მიერ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფებში გამართული კონსულტაციების შემდეგ წარდგენილ პროექტშია გაწერილი.

პრეზიდენტის ამრჩევი საარჩევნო კოლეგია 300 ხმოსანისგან შედგება, რომლებშიც შედიან საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. გარდა ამისა, სხვა ხმოსნები ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების გათვალისწინებით შეირჩევიან.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება პარლამენტის შენობაში. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას (არანაკლებ 151). თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ხმოსანთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ ამომრჩეველთა კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი ვერ აირჩია, 2 კვირის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები.

საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, პრეზიდენტი შეიძლება 35 წლის ასაკის საქართველოს მოქალაქე გახდეს. პრეზიდენტად განიხილება პირი, რომელსაც მინიმუმ ხუთი წელის უცხოვრია საქართველოში, საიდანაც, არჩევნების დანიშვნის დღემდე, მინიმუმ სამი წელია გასული. პროექტის ცვლილების მიხედვით, კი პრეზიდენტი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც ქვეყანაში უცხოვრია 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს ხმოსანთა ერთ მეხუთედზე მეტს. ერთ ხმოსანს უფლება აქვს მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას.