ევროპულმა საქართველომ და თავისუფალმა დემოკრატებმა საკონსტიტუციო კომისია დატოვეს. ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების წევრმა, შალვა შავგულიძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

"კომისია ქართულმა ოცნებამ შექმნა არა კონსტიტუციური დებულებების მართლაც ფართო კონსესუსის შედეგად შემუშავების მიზნით, არამედ იმისათვის, რომ კომისიის გადაწყვეტილების სახელით შეეფუთა ის ცვლილებები კომისიაში, რომელთა განხორციელებაც წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი ხელისუფლების შენარჩუნების, ვიწრო პარტიული ინტერესების გამომდინარე," - თქვა შავგულიძემ.

მათი აზრით, კონსტიტუციის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები უსამართლოა და დიდ უპირატესობას ანიჭებს მმართველ პარტიას სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან შედარებით. გარდა ამისა, შავგულიძე საკონსტიტუციო კომისიის დატოვების კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს წაერთვათ პრეზიდენტის არჩევის უფლება.

"შემოთავაზებული ცვლილებები მიმართულია, არა პრეზიდენტის, როგორც მარალი ლეგიტიმაციის მქონე ნეიტრალური არბიტრის როლის გაძლიერებისაკენ სახელმწიფოს ინსტიტუციური მმართველობის პროცესში, არამედ ემსახურება პრეზიდენტის რეალური უფლებამოსილებისაგან დაცლისა და მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ მასზე კონტროლის განხორციელების განზრახვას," - განაცხადა შავგულიძემ.

თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი აცხადებს, რომ პროექტში გათვალისწინებული არ არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის განსხვავებული მოსაზრებები.

საკონსტიტუციო კომისია უკვე დატოვეს პარტიებმა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ, პატრიოტთა ალიანსმა და დემოკრატიულმა მოძრაობამ.