საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია.

ამ პრინციპის თანახმად, “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.”

ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ განცხადება ეთიკის ქარტიაში თანასწორობის მოძრაობამ შეიტანა. სადავო გადაცემა ეთერში 3 აპრილს გავიდა და ტრანსგენდერ ადამიანებს მიეძღვნა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გადაცემა იყო დისკრიმინაციული, ვინაიდან წამყვანმა ვერ უზრუნველყო პროცესების მართვა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

ქარტიის დასაბუთებული გადაწყვეტილება, კონკრეტულად რა ქმედებით და რატომ დაირღვა ქარტიის მეშვიდე მუხლი, რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდება.