თბილისში, მთავრობის ადმინისტრაცის შენობასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის სოლიდარობის მიზნით აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან ინფორმაციას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა.

ფოტო: On.ge

ფოტო: On.ge

ფოტო: On.ge

აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტია, რომელიც თავს თბილისს აფარებდა ოჯახთან ერთად. მისი ცოლის, ლეილა მუსტაფაევას თქმით, აფგანი თბილისში, სოლოლაკის ტერიტორიიდან 29 მაისს დაიკარგა, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანშია დაპატიმრებული საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით. მუსტაფაევას თქმით, მას აინტერესებს, როგორ გადაკვეთა მუხთარლიმ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი მაშინ, როცა მისი პასპორტი თბილისში, სახლში ჰქონდა დატოვებული. თავად მუხთარლიმ აზერბაიჯანში ადვოკატს უთხრა, რომ ის ნაცემია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მათ გამოძიება ადამიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყეს, თუმცა, ჯერ არ განუმარტავთ, როგორ აღმოჩნდა თბილისში დაკარგული ჟურნალისტი ბაქოს ციხეში. აფგან მუხთარლში ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ამბობდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილ პირებს საქართველოში საფრთხე ემუქრებათ, რადგან მათ თავშესაფარს არ აძლევენ და უკან, აზერბაიჯანში აბრუნებენ, სადაც წამება და მრავალწლიანი პატიმრობა ელოდებათ.