2011 წელს გუგლმა ხელოვნების ყველაზე პოპულარული და მასშტაბური სახელოვნებო ონლაინ პლატფორმა დააარსა. ერთგვარი საგამოფენო სივრცე, რომელზეც 1200-ზე მეტი მუზეუმის ექსპონატის ნახვა შეგიძლიათ - იქნება ეს ისტორიული კადრები, სხვადასხვა კოსტიუმი, ნახატები თუ არქიტექტურული ძეგლები.

ამ პროექტში მონაწილეობისთვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რაც შეიძლება მაღალი რეზოლუციით გადაღებული ექსპონატებია, რათა ონლაინ ტურისტს შეეძლოს მათი მაქსიმალურად გადიდება და უმცირესი დეტალების დანახვაც კი ისე, რომ ფოტოსურათების ხარისხი არ დაზიანდეს.

პირველი ქართული მუზეუმი, რომელიც გუგლის კულტურული ინსტიტუტის წევრი გახდა, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი - ხელოვნების სასახლეა, რომელიც გამოფენებისა და საერთაშორისო დონეზე გამოქვეყნებული ექსპონატების რაოდენობით ამიერკავკასიის მასშტაბით ლიდერობს. ხელოვნების სასახლე 309 ექსპონატითაა წარმოდგენილი, აზერბაიჯანის სამი მუზეუმის ექსპოზიცია 248 ნივთს ითვლის, ხოლო სომხეთი, გუგლის ონლაინ მუზეუმში საერთოდ არ არის.

Google-ის ონლაინ მუზეუმში გამოფენილია დავით კაკაბაძის, გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის და სხვა ქართველ ფერმწერთა ნამუშევრები. დღესდღეობით ხელოვნების სასახლის წარმოდგენილი რამდენიმე კოლექციიდან პირველი გამოფენა რეპრესირებულ მხატვარს, ქართული მოდერნიზმის ფუძემდებელს – პეტრე ოცხელს მიეძღვნა.

პეტრე ოცხელი – მუდამ თანამედროვე - ამ სათაურით ერთიანდება პეტრეს ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ 40-მდე ინფორმაცია. მთავარ ფოტოდ ოცხელის ერთ-ერთი სკეტჩი "მფრინავი მღებავია“ გამოყენებული. პეტრეს შემოქმედების გარდა, მისი პირადი ფოტომასალაცაა გამოქვეყნებული. მათ შორის, კოტე მარჯანიშვილთან ერთად 1929 წელს რეპეტიციის დროს გადაღებული ფოტო და 1930 წელს ასევე კოტე მარჯანიშვილთან გადაღებული ფოტო, რომელიც დასათაურებულია, როგორც "ორი გენიოსის ტანდემი“ .

დღეიდან, გუგლის ონლაინ პლატფორმაზე კიდევ ერთი ქართული კოლექციის ნახვა შეგიძლიათ, რომელშიც წარმოდგენილია თამარ მეფის საინტერესო ისტორია, მისი უნიკალური კოსტიუმის ამბავი, ნაწყვეტი ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან და სუხიშვილების შესრულებული სამაიას ცეკვა.

მესამე კოლექციაში ხელოვნების სასახლეში გამოფენილი ქართველი მხატვრების არაერთი ნამუშევარია გაერთიანებულია.

"ქართული მხატვრობის გუგლის სივრცეში ასეთი ფართო დიაპაზონით ჩატვირთვა იმაზე მიუთითებს, რომ ეროვნული ხელოვნების ეს დარგი ყოველთვის უმაღლესი საფეხურზე იყო და მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებდა. გუგლის აუდიტორია არამარტო გემოვნებიანია, არამედ მსოფლიოში ყველაზე დიდი, რაც ქართულ მხატვრობას კიდევ უფრო მეტ აღიარებას მოუტანს", – აღნიშნავს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია

გუგლმა საგამოფენო ექსპოზიციები მიუძღვნა ხელოვნების სასახლის არქიტექტურას, მისი მშენებლობის ლამაზ ისტორიას და დამაარსებლის, დავით არსენიშვილის, ბიოგრაფიას. ვირტუალური ტურის შედეგად შესაძლებელია ვენერასა და თეთრი ფერიების ბუხრის, სასახლის სვეტებიანი და ლურჯი იადონების დარბაზის უმცირეს დეტალებამდე დათვალიერება.

სამომავლოდ გუგლის სივრცეში გაჩნდება ინფორმაცია მუზეუმის შემომწირველთა და იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებმაც ეროვნული კოლექციების რესტავრაციისათვის დიდი სამუშაოები გასწიეს.