სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებელს გათავისუფლებული ჟურნალისტის, ლაშა მესხის სამსახურში აღდგენის რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტ ლაშა მესხის გათავისუფლება არასათანადო მოპყრობის ეჭვს იწვევს.

"განმცხადებლის [ლაშა მესხი] მიერ წარმოდგენილი მასალები ადასტურებს მის აქტიურ საქმიანობას პროფესიულ კავშირში და განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირებას იმ პრობლემებზე, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელში დღემდე აქვს ადგილი," - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, მაუწყებელმა მომავალში თავი უნდა შეიკავოს შრომით ურთიერთობაში პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და თანასწორობის პრინციპებით იხელმძღვანელოს.

თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მესხმა 28 თებერვალს შეიტყო. მაშინ არხის მენეჯმენტი On.ge-სთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ ამ ჟურნალისტთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ხედავდა.