პროკურატურამ Birja Mafia-ს წევრებისთვის ნარკოტიკების შესაძლო ჩადებაზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურამ უნდა გამოიძიოს დაირღვა თუ არა კანონი სამართალდამცავების მხრიდან რეპერების - მიშკა მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას დაკავების დროს.

"ვინაიდან გამოკითხვისას ბრალდებულები მიუთითებდნენ მათი დაკავებისას სამართალდამცავთა მხრიდან მთელ რიგ შესაძლო კანონდარღვევებზე, ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე," - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 3691 (სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია) და 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით დაიწყო.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას," - აღნიშნავენ პროკურატურაში.

პროკურატურამ Birja Mafia-ს წევრები რამდენიმე საათის წინ გამოკითხა. გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორში მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას გამოკითხვა რამდენიმე საათი გაგრძელდა.

Birja Mafia-ს წევრები, გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რეპერებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.