თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბირჟა მაფიას წევრი, გიორგი ქებურია გაათავისუფლა. სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შესახებ რამდენიმე წუთის წინ იმსჯელა.

სხდომაზე დაცვის მხარე 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რასაც პროკურატურაც დაეთანხმა. ამავე ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, მიშკა მგალობლიშვილი სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა. მას 50 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

გუშინ, 11 ივნისს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. უწყება აღნიშნავდა, რომ ბირჟა მაფიას წევრების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას აღარ მოითხოვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ენერგეტიკის მინისტრისა და ბერა ივანიშვილის განცხადებებისა და რეპერების მხარდამჭერი აქციის შემდეგ, 11 ივნისს, პროკურატურამ განაცხადა, რომ მგალობლიშვილისა და ქებურიას პატიმრობას აღარ მოითხოვდა. ამავე განცხადებით ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სამართალდამცავების მხრიდან, ბირჟა მაფიას წევრების დაკავების დროს, მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე გამოძიება დაიწყო.

ბირჟა მაფიას წევრები, გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რეპერებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.