საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული სამსახურის უფროსი, ია ანთაძე ამბობს, რომ მომავალი სეზონიდან მაუწყებლის ეთერში მხოლოდ კონკურსის წესით შერჩეული ან საკუთარი რესურსით დამზადებული გადაცემები მოხვდება. ასე უპასუხა TV პირველის კითხვას ანთაძემ რადიო თავისუფლების გადაცემების - წითელი ზონისა და სალომე ასათიანის ინტერVIEW-ს საზოგადოებრივ მაუწყებელში დახურვასთან დაკავშირებით.

"ფაქტობრივად გარე სტუდიებთან, სხვა მედია ორგანიზაციებთან, იმ ტიპის ხელშეკრულებები, როგორიც იყო რადიო თავისუფლებასთან დადებული, ამ ეტაპზე არ იგეგმება. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ამბიცია, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ის პროდუქტი, რაც შემოვა კონკურსის წესით, ან დამზადდება შიდა რესურსით," - განაცხადა ია ანთაძემ.

წითელი ზონა და სალომე ასათიანის ინტერVIEW საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში არ მონაწილეობდა.

როგორც დღეს, 13 ივნისს On.ge-სთვის გახდა ცნობილი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რადიო თავისუფლებას გადაცემის ივლისის შუა რიცხვებიდან შეჩერების შესახებ წერილი მიწერა.

26 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძე ამბობდა, რომ რადიო თავისუფლებასთან ამ ორი გადაცემის ეთერში განთავსების საკითხზე მოლაპარაკებებს გეგმავდნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, 17 ივლისიდან მოამბის გარდა, ყველა გადაცემა დაიხურება. როგორც დოკუმენტში წერია, ეთერში 2017 წლის სექტემბრიდან დაბრუნდება პროგრამული პრიორიტეტების შესაბამისად, კონკურსის წესით შერჩეული ახალი გადაცემები.