რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს ინფორმაციას, მოკვდა, თუ არა ავიაიერიშის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი იბრაჰიმ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი. როგორც რუსული სახელმწიფო მედია, RIA სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, სავარაუდოდ, იმ 330 მებრძოლს შორის იყო, რომელიც 28 მაისს განხორციელებულ ავიაიერიშს შეეწირა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლიკვიდირებულ ტერორისტებს შორის, ასევე, არიან აბუ ალ-ხაჯი ალ-მისრი, იბრაჰიმ ან-ნაეფ ალ-ხაჯი, რომელიც ქალაქ რაქადან ეს-სუხნემდე ტერიტორიას აკონტროლებდა, და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სულეიმან ალ-შაუახი.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ISIS-ის ლიდერის სიკვდილზე ინფორმაცია ვრცელდება.

ბაღდადის ადგილსამყოფელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უცნობი იყო, თუმცა, არსებობდა ვარაუდი, რომ ის ერაყის ქალაქ მოსულში იყო, სანამ 2016 წლის ოქტომბერში, კოალიცია აშშ-ის ხელმძღვანელობით ქალაქზე შეტევას დაიწყებდა.

ბაღდადი საჯაროდ პირველად 2014 წლის ივნისში გამოჩნდა, როდესაც მოსულში "ისლამური ხალიფატის" შექმნაზე განაცხადა. მას შემდეგ, ჯგუფმა საკმაოდ დიდი ტერიტორია დაკარგა და მუდმივად საჰაერო დარტყმების ქვეშაა. მარტში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ბაღდადის თითქმის ყველა მოადგილე მოკლულია.