შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, დრამის ფაკულტეტზე მისაღებად, პირველ შესარჩევ ტურზე მოწმდება "აქვს თუ არა აბიტურიენტს გამოუსწორებელი ორგანული დეფექტი, შეუთავსებელი პროფესიულ მოთხოვნებთან".

ამაზე, ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე კონკურსის წესებში და მოთხოვნებში წერია.

თეატრალურ უნივერსიტეტში On.ge-ის განუმარტეს, რომ "გამოუსწორებელი ორგანული დეფექტები" პროფესიასთან და პროგრამულ დატვირთვასთანაა შეუთავსებელი:

"მაგალითად, როდესაც წარმოთქმაა შეუთავსებელი, დარღვეული აქვს პირის აპარატი და აღენიშნება პროგენია ან პროგრანია (ზედა და ქვედა ყბის გამოვარდნა) და მეტყველებაში უშლის ხელს. როდესაც სწორად წარმოთქმა უჭირს სიტყვების, აქვს ძვალსახსროვანი სისტემის დეფექტი და საშიშია სალტოს გაკეთება ისევე, როგორც ამ დროს სპორტსმენებში არ შეიძლება დატვირთვა".

კითხვაზე, შეიძლება თუ არა გამომცდელმა აბიტურიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინოს და ისე მისცეს ჩაბარების შანსი, პრესსამსახურის განცხადებით, ყველას ერთნაირად გამოცდიან და შეღავათები არავისზე არ კეთდება:

"ყველას ერთნაირად ცდიან გამოცდაზე, რა პრობლემაც არ უნდა გააჩნდეთ. როდესაც ვერ გააკეთებს, მაგალითად, სალტოს, ცუდად ხომ არ უნდა გახდეს ადამიანი?"

როგორც 26 წლის ნუცა გოგალაძე წერს, პროექტში ქალები საქართველოდან, მას ბავშვობაში, თამაშის დროს თვალში "შპრიცი" შეერჭო, შედეგად კი 9 წლის ასაკში მთლიანად დაკარგა მხედველობა ცალ თვალში და პროთეზირება გახდა საჭირო .

ნუცა ჰყვება, რომ მან არაერთხელ სცადა თეატრალურ უნივერსიტეტში მოხვედრა, თუმცა ვერცერთ წელს ვერ ჩააბარა:

"გარკვეული პერიოდის მერე ვიგებ, რომ ბავშვებისგან და მათი მშობლებისგან შვიდი ოფიციალური საჩივარი იყო შესული. მთავარი პრეტენზია რეჟისორთან ჰქონდათ, რადგან მე მქონდა "გამოუსწორებელი" ნაკლი (მათი აზრით), მათგან განსხვავებით და უსამართლობა იქნებოდა, მე გავმხდარიყავი სტუდენტი, ისინი კი - ვერა".

მისივე თქმით, ამ ფაქტის შემდეგ, განათლების სამინისტროსა და ყველა შესაბამის უწყებას მიმართეს განცხადებით, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

საბოლოოდ, თეატრალურის წინ განცხადება იპოვა, სადაც კრიტერიუმებს შორის "ფიზიკური ნაკლის არსებობაც" იყო აღნიშნული.