სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს რუსმა სამხედროებმა სოფელ ბერშუეთში საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს სიმართლეს არ შეესაბამება.

უწყების განმარტებით, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა. კერძოდ, საოკუპაციო ხაზი ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო მიწაზე აქამდეც გადიოდა.

სუს-ის შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას: "აღნიშნული არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე".

მათივე განცხადებით, საკითხი განსახილველად აუცილებლად დადგება 11 ივლისს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე სოფ. ერგნეთში.

საზღვრის გადმოწევის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.